Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ


მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საზოგადოების წინაშე პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად წარდგა.

„ლელო", დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ. პრეზენტაციაზე ერთობლივი განცხადება ფიქრია ჩიხრაძემ წაიკითხა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კი ამბობს: „ჩვენ შესაძლოა, მომავალ არჩევნებში გვიხილოთ პარტნიორებად ერთ პოლიტიკურ გუნდში. შესაძლოა, გვიხილოთ კონკურენტებად, მაგრამ ამ საკითხში, რასაც ჰქვია ევროპული, თავისუფალი საქართველოსთვის მომავლის უზრუნველყოფა, ორპოლუსიანი ვითარების შეცვლა და რეალური ალტერნატივის გამოკვეთა, ჩვენი საერთო საქმეა".

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო“, სწორედ, იმიტომ შეიქმნა, რომ ორ ძალას [ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“] შექმნოდა აბსოლუტურად სხვა რეალობა და ალტერნატივა.

„სწორედ, ეს პლატფორმა არის იმის პირველი ნაბიჯი, რომ ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებისთვის მზად ვიყოთ", - აღნიშნავს ხაზარაძე.

დავით უსუფაშვილის თქმით, დაინტერესებულები არიან, რომ ღია, ასეთივე, თანასწორ, პარიტეტულ საწყისებზე გააგრძელონ მუშაობა სხვა ორგანიზებულ გუნდებთან და ინდივიდებთან.

„ჩვენ გვაერთიანებს ამ შემთხვევაში ძალიან მყარი რწმენა იმის თაობაზე, რომ ქვეყანას სჭირდება პროპორციული არჩევნები. თუ პროპორციული არჩევნები არ იქნება, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი არჩევნებისთვის, ნებისმიერ დროს“, - თქვა დავით უსუფაშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების გამოცხადებისას მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ აქცენტს გააკეთებდა ისეთ ადამიანებზე, ვისაც პოლიტიკაში საქმიანობის გამოცდილება არ ჰქონდა.

„ესენი არ იქნებიან ძველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები ან იქიდან, ან აქედან. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი ძალა. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ახალ საქართველოში უნდა ცხოვრება, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი“, - აღნიშნავდა მამუკა ხაზარაძე.

როგორც ხაზარაძემ 28 ნოემბერს „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, ეს მიდგომა შეიცვალა, რადგან ხელისუფლებამ მათ პროპორციული არჩევნების უფლება წაართვა, რამაც გაცილებით სწრაფად მობილიზების აუცილებლობა გააჩინა. ხაზარაძის თქმით, ახლა „დიდი ფრონტის“ გაშლა არის საჭირო.

29 ნოემბერს გამართულ პრეზენტაციაზე კი ხაზარაძემ თქვა, რომ ისე მიდის ჩიხური მდგომარეობისკენ სიტუაცია, გამორიცხული არ არის, ამ კრიზისმა რიგგარეშე არჩევნები გამოიწვიოს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. პროპორციული არჩევნების ჩაგდებამ აბსოლუტურად სხვა რეჟიმში გადაგვიყვანა“, - აღნიშნავს ხაზარაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG