Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის გამო პროტესტის შემდეგ Apple-ი „სადავო საზღვრების“ რუკების პოლიტიკას გადასინჯავს


Apple-მა გამოაცხადა, რომ გადასინჯავს, როგორც თვითონ უწოდებს, „სადავო საზღვრებს“ მას მერე, რაც კრიტიკის სამიზნე გახდა უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმის გამო. Apple-მა ყირიმი თავის რუკებსა და რუსი მომხმარებლისთვის შექმნილ ამინდის აპლიკაციებზე რუსეთის ნაწილად დაიტანა.

Apple-ის წარმომადგენელმა, ტრუდი მალერმა „როიტერსს“ 29 ნოემბერს უთხრა, რომ ტექნოლოგიის ამერიკული გოლიათი „ღრმად შეისწავლის საკითხს, თუ როგორ მოიქცნენ სადავო საზღვრების შემთხვევაში“. მალერის თანახმად, Apple-მა ცვლილება რუსი მომხმარებლისთვის შეიტანა „რუსეთში ძალაში შესული ახალი კანონის შესაბამისად, რომელიც ქვეყნის გარეთ რუკების შეცვლის არანაირ შესაძლებლობას არ იძლევა“.

„კომპანია გადახედავს საერთაშორისო სამართალს, ასევე შესაბამის ამერიკულ და სხვა ქვეყნების კანონმდებლობას და შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას რუკების შეცვლის შესახებ, თუ კანონი ამას გვავალებს“, - უთხრა „როიტერსს“ მალერმა. მან დასძინა, რომ Apple-ი ცვლილებებს მომავალში შეიტანს საკუთარი პოლიტიკის გადასინჯვის შემდეგ და არ დაუზუსტებია, რა ცვლილებები იგულისხმებოდა.

აშშ-ში უკრაინის და რუსეთის საელჩოებს კომენტარი ამ თემის გარშემო არ გაუკეთებიათ.

აშშ-ში, უკრაინაში, ასევე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, აპლიკაციების მოხმარებისას ყირიმის გარშემო საერთაშორისო საზღვარი არ არის აღნიშნული. მას მერე, რაც გავრცელდა ცნობები ყირიმის რუსეთის ნაწილად აღნიშვნის შესახებ, აშშ-ში უკრაინის საელჩომ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ Apple-ს გაუგზავნა წერილი, სადაც აუხსნეს ვითარება ყირიმის გარშემო, რომ ის რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და რომ უკრაინა მას ვერ აკონტროლებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვადიმ პრისტიაკომ, ტვიტერით დაწერა: „Apple, გთხოვთ, დარჩით ტექნოლოგიის და გართობის სფეროში, გლობალური პოლიტიკა თქვენი ძლიერი მხარე არ არის“.

რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოების და კორუფციის კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე, ვასილი პისკარიოვი, მიესალმა Apples-ის ნაბიჯს და განაცხადა, „მათ თავიანთი მომსახურება რუსეთის კანონთან შესაბამისობაში მოიყვანესო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG