Accessibility links

logo-print logo-print

ირანი რუსეთსა და ჩინეთთან ერთად სამხედრო-საზღვაო მანევრებში მიიღებს მონაწილეობას


ირანის საზღვაო ძალების მეთაური, კონტრადმირალი ჰოსეინ ხანზადი

ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურის თანახმად, ირანის ძალები წლის ბოლოს მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ მანევრებში რუსეთსა და ჩინეთთან ერთად. კონტრადმირალ ჰოსეინ ხანზადის თანახმად, მანევრები გაიმართება ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთში დეკემბრის 22-დან 20 იანვრამდე.

ადმირალს არ დაუზუსტებია მანევრების ზუსტი ადგილი, თუმცა მედია იტყობინებოდა, რომ ერთობლივი წვრთნა იგეგმება ამანის ყურეში, არეალში, სადაც ბოლო ხანს რამდენიმე საზღვაო ინციდენტი მოხდა, და სადაც დასავლეთის სახელმწიფოების საესკორტო მისიები უკვე მოქმედებს ან სტარტს იღებს.

ირანის სააგენტო „თასმინს“ მოჰყავს კონტრადმირალის სიტყვები, რომ „ამგვარი მანევრების მიზანია კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უსაფრთხოების გაზრდა ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ არეალში, სადაც არაერთი ინციდენტი მოხდა, მეკობრეთა თავდასხმების ჩათვლით“.

ორი დღით ადრე ხანზადიმ განაცხადა, რომ მანევრები ახლო მომავალში მოეწყობა და რომ ერთობლივი ოპერაცია გზავნილი იქნება მსოფლიოსთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა 2 ოქტომბერს, რომ მანევრები მზადდებოდა ანტიტერორისტული და ანტიმეკობრული მისიებისთვის.

ერთობლივი მანევრები იმართება ამ სამ სახელმწიფოსა და დასავლეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG