Accessibility links

site logo site logo

ნიკა გვარამია: ოჯახის სახელით გავაკეთებ განცხადებას ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე


ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. ნიკა გვარამიას თქმით, მისი და მისი ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას საკუთარ გადაცემაში, „მთავარ აქცენტებში“ გააკეთებს. რადიო თავისუფლებამ გვარამიასა და მის ადვოკატთან დაკავშირება ჯერ ვერ მოახერხა.

26 ნოემბერს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მის ოჯახს პროკურატურა უთვალთვალებდა და ამის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ გადმოდიან მწვანე ფერის „პორშედან“ მისი მეუღლე და ქალიშვილი, ძაღლთან ერთად. „ასეა: დასდევდა ჩემ ცოლ-შვილს სუსი, კრიმპოლი და ყველანაირი დედააფეთქებული და “ღირსშესანიშნავ” მომენტებს აფიქსირებდნენ“, - დაწერა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 20 ივლისს. გამოძიების ვერსიით, გვარამიას მიერ გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებებით, „რუსთავი 2“-მა 7 მილიონამდე ლარით იზარალა.

მოგვიანებით, საქმეს დაემატა “Porsche Macan S-ის” ეპიზოდი, რომლის თანახმად, „რუსთავი 2“-ის ეთერში რეკლამის გაშვების სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი.

საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერი გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებაა და არა თვალთვალის ვიდეო. უწყების მტკიცებით, ჩანაწერი ადასტურებს, რომ 232 000-ზე მეტი ლარის ღირებულების „პორშეთი“ სარგებლობდა პირადად ნიკა გვარამია და მისი ოჯახი.

ნიკა გვარამია ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ „პორშე“ მისმა ცოლმა იყიდა განვადებით, თუმცა ვერ გადაიხადეს, დააბრუნეს და ჯარიმას იხდიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG