Accessibility links

logo-print logo-print

კიევში თავდასხმისას დაიღუპა საოლქო საბჭოს დეპუტატის 3 წლის შვილი


კიევის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. 1 დეკემბერს საღამოს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ესროლა ავტომანქანა Range Rover-ს, რომელსაც კიევის საოლქო საბჭოს დეპუტატი, 47 წლის ბიზნესმენი ვიაჩესლავ სობოლევი მართავდა. სასიკვდილო ჭრილობა მიიღო სობოლევის 3 წლის ვაჟმა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაში გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ტელეკომპანია ТСН-ის ცნობით, თავდასხმა მოხდა რესტორან "მარიო"-სთან, რომლის მფლობელიც სობოლევია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავტომანქანა ეკუთვნის ფირმა „დონუკრპროექტს“, რომელიც დონბასში ტერორიზმის დაფინანსების სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. სობოლევის დეკლარაციის თანახმად, ავტომობილი მის მიერვე დაარსებული ფირმისგან იქირავა.

გამოძიების მონაცემებით, ამ და სხვა კომპანიებს, რომლებთანაც წარსულში სობოლევს უშუალო კავშირი ჰქონდა, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში უკანონო ბიზნესით მოპოვებული თანხების ლეგალიზაციისთვის იყენებდნენ.

ვიაჩესლავ სობოლევი კიევის საოლქო საბჭოს წევრად 2015 წელს აირჩიეს „პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან". მანამდე სობოლევი იყო დონეცკის ვიცე-მერი და უკრაინის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კორპორაციის „ნაფტოგაზ“-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG