Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იზოლატორი დატოვა 18 ნოემბერს დაკავებულმა კიდევ ორმა პირმა


ბექა ბასილაია
ბექა ბასილაია

13-13 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორები დატოვეს პარლამენტის პიკეტირების აქციის დაშლისას 18 ნოემბერს დაკავებულმა ბექა ბასილაიამ და ირაკლი ნადირაძემ.

პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის და წვრილმანი ხულიგნობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით სულ 37 პირი დააკავა. მათგან 12-ის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ 19-21 ნოემბერს განიხილა.

მოსამართლემ თორმეტივეს მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში, თუმცა, სამართალდამრღვევად ცნო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო და 10 პირს სხვადასხვა ვადით, 3-დან 13 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთი 1000 ლარით დააჯარიმა და ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

ყველაზე ხანგრძლივი ვადით, 13-13 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეფარდებული ჰქონდათ ბექა ბასილაიას და ირაკლი ნადირაძეს. იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ.

18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს. კანონპროექტს ხმები თავად უმრავლესობიდან დააკლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG