Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია სასამართლოს შემდეგ "კოლექტიური ბექა ოდიშარიას" გადაწყვეტილებას ელოდება


ნიკა მელია
ნიკა მელია

პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიამ აბსურდული უწოდა ბანკ „ქართუს“ გაკოტრების საქმეს, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 25 000 ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

„7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საქმე, 25 ადამიანი იყო ბრალდებული ჩემთან ერთად. ყველა ადამიანს გაუკეთდა განრიდება, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და შემატოვეს მხოლოდ მე ამ საქმეში. ამ საქმეს ხელისუფლებისთვის რომ მიეცა დაკავების საფუძველი, ძალიან დიდი ხნის წინ შეასხამდნენ ხორცს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდოდა“, - უთხრა ჟურნალისტებს მელიამ.

დეპუტატის განცხადებით, გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა „კოლექტიურ ბექა ოდიშარიას“. „არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს საკუთარ გუნდის წევრებს თუ კიდევ ერთხელ აბუჩად იგდებს. მან კვლავ ჩაუგდო კენჭი „ქართულ ოცნებაში“ შემორჩენილ დეპუტატებს და ახლა მათ უნდა იმსჯელონ, სხდომათა დარბაზში ნიკა მელია, როგორც მათი კოლეგა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის ვადის ამოწურვამდე იქნება თუ არა“, - თქვა ნიკა მელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს, 2 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საკითხი პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და კიდევ ათამდე პირს ბრალი 2012 წლის ბოლოს წაუყენეს. მელიას და ადეიშვილს ბრალად დასდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება და ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით. სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

2012 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და მიზნად ისახავდნენ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით „ქართუს“ გაკოტრებას. გამოძიების მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ, ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული.

შსს-ს მაშინდელი განცხადების მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონი იშლებოდა, რის შემდეგაც ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებას ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით: „დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ბიზნესმენებს, რომელთაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ „ქართუში“, უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდდა იმ კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები აკონტროლებდნენ“.

შსს-ს განცხადებითვე, ამ გზით, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით უუქმდებოდათ საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფასაც იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა და, შესაბამისად, ზარალდებოდა ბანკი „ქართუ“, რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59 997 000 დოლარისა და 3 757 000 ლარის კრედიტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG