Accessibility links

logo-print logo-print

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო გადაიდო


20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. ამის მიზეზი ბრალდების მხარის შუამდგომლობა გახდა. პროკურორმა დავით ნეფარიძემ სასამართლოში წარმოდგენილი „ახალი დოკუმენტის გასაცნობად გონივრული ვადა“ ითხოვა.

როგორც მოსამართლე შორენა გუნცაძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სასამართლოში სახალხო დამცველის „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება არის წარმოდგენილი, რომელიც ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის პოზიციას ეხება.

ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი თვლის, რომ დღევანდელი სხდომის გადადება დროის გაწელვას ემსახურება, რათა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს.

„სავარაუდოდ, 24 დეკემბრამდე ნიკა მელიას პარლამენტში გაატარებენ პროცედურებს და შეუწყვეტენ მანდატს და უკვე შემდგომ სასამართლო სხდომაზე პროკურატურა იტყვის, რომ კი, სახალხო დამცველმა დაწერა დასკვნა, მაგრამ ნიკა მელია დეპუტატი აღარაა“, - უთხრა ჟურნალისტებს ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა 20 ივნისის საქმეზე სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ.

ადვოკატის განცხადებით, სახალხო დამცველმა სასამართლოს 28 ნოემბერს მიმართა, და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული შემზღუდავი ღონისძიებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია.

„[სახალხო დამცველმა] სასამართლოს მისცა რეკომენდაცია, რომ აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე ემსჯელა და მოყვანილიყო შესაბამისობაში კონსტიტუციასთან, სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსთან და ყველა იმ რეკომენდაციასთან, რომელსაც საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტები აძლევენ ქვეყანას. ჩვენ ვამბობთ და დღეს ეს უკვე დადასტურდა, ის ფორსირებული განაჩენი, რომელიც ნიკა მელიას საქმეზე გამოცხადდა, ისახავდა ერთადერთ მიზანს, ნიკა მელიას უნდა შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, იგი ჩამოაშორონ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას. დღეს მოხდა ძალიან მარტივი რამ - ერთი მხრივ, ნიკა მელია გაამტყუნეს, მეორე მხრივ, პროკურატურამ მოითხოვა დრო, თითქოსდა არ იცნობდნენ ამ დოკუმენტს, არადა, ჩემს მიერ მიეწოდა პროკურატურას ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, რომ ოფიციალურად სახალხო დამცველმა მიმართა სასამართლოს, მათ შეეძლოთ გამოეთხოვათ. სასამართლომ თითქოს არ დაიჭირა მელია და სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო და ამას გააპიარებენ მთელი ძალისხმევით და, მეორე მხრივ, აიცილეს უხერხულობა თავიდან და კიდევ ერთხელ უკანონობა დარჩა ძალაში“, - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კონდახიშვილის თქმით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეები გამოყენებულია პოლიტიკურ დევნის ინსტრუმენტად და ეს პროცედურა გრძელდება.

„კანონში წერია, რომ სახალხო დამცველი სასამართლოს როცა მიმართავს, ეს მხარეებს გაეგზავნება, ჩვენს მხარეს გამოეგზავნა და რატომ არ გაეგზავნა პროურატურას, არ ვიცი. საერთოდ, გაეგზავნათ თუ არა, არ ვიცი. ფაქტია, რომ მათ იცოდნენ, პირადად ჩემგან იყვნენ ინფორმირებულები. მე დავაფიქსირე პოზიცია, რომ არ სჭირდებოდა 15-გვერდიან დოკუმენტს რამდენიმედღიანი ვადა, რომ გაეცნოს პროკურატურა. თუმცა მაინც გადაიდო 24 დეკემბრამდე“, - თქვა კონდახიშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 24 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მას 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ივნისს პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილებაც, რომელიც დეპუტატისთვის გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. კერძოდ, მას არ აქვს საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე დატოვების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთებისა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მონიტორინგის მიზნით ელექტრონული სამაჯური უკეთია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG