Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე სასამართლოში "აეროფლოტის" ბილეთით მივიდა


თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვა. „შოუ გრძელდება ბიძინა ივანიშვილის პროკურატურის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.

ხაზარაძემ ჟურნალისტებს აჩვენა რუსული ავიაკომპანიის, „აეროფლოტის“ ბილეთი, რომელიც, მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს უყიდა: „ეს არის თბილისი-მოსკოვის მიმართულება. მინდა ვითხრა მას, რომ ეს არ არის ოცდათხუთმეტევროიანი ბილეთი, ეს არის ბიზნესკლასი, იმიტომ, რომ შეჩვეულია იგი კაი ცხოვრებას და ამ ბილეთით შეუძლია დატოვოს ჩვენი ქვეყანა და ქვეყანა ამის მერე დაადგება ნორმალური განვითარების გზას“.

ცნობისთვის, „აეროფლოტის“ და სხვა რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები საქართველში 8 ივლისიდან აღარ დაფრინავენ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რომელიც მან მიიღო ივნისის ბოლოს თბილისში დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ.

ხაზარაძის განცხადებით, ივანიშვილისთვის ბილეთის ყიდვა გადაწყვიტა „ქართველი ხალხისადმი მისი უსირცხვილო დამოკიდებულების“ გამო, როცა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ „ბიუჯეტის ხარჯზე დააფინანსებს ოცდათხუთმეტევროიან ბილეთებს ქუთაისის აეროპორტიდან“ და მოსახლეობას დაეხმარება უცხოეთში დასაქმებაში.

სასამართლოს სხდომის დაწყებამდე პოლიტიკური განცხადება გააკეთა ბადრი ჯაფარიძემაც: „პროკურატურა, სამწუხაროდ, არის პრივატიზირებული ივანიშვილის მიერ“. ჯაფარიძის თქმით, არ არსებობს და ვერ იარსებებს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ მოწმეც იმისა, რაშიც ცილს სწამებენ და ამიტომ, სიყალბით გაჯერებული პოლიტიკური დევნა გრძელდება.

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში. აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.

სექტემბერში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ და პოლიტიკური პარტიის შექმნასაც და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG