Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე: მოსამართლეთა სია არ უნდა დამტკიცდეს


მაშინ, როდესაც კარასინმა დააანონსა რუსული კულტურის ცენტრის გახსნა, რაც უდავოდ იქნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური გამოწვევა, ამ ფონზე არსებობს შესაძლებლობა, რომ „ოცნებამ“ დაიწყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა და მათი დამტკიცება, რაც დაუშვებელია, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ დღეს გაართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების კანდიდატების სიის ჩაგდებაზე ყველა კანონიერი ფორმით თავად იზრუნებს. ამასთან, ის მოუწოდებს ადვოკატებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სტუდენტებს და სხვებს, რომ „მობილიზდნენ და მაქსიმალური წნეხი განახორციელონ პარლამენტის წევრებზე ამ მოთხოვნის ირგვლივ“, რათა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდეს.

„დაუშვებელია საბჭოს ამ შემადგენლობის, „კლანის“ მიერ წარდგენილი სიიდან თუნდაც ერთი კანდიდატის შეშვება უზენაეს სასამართლოში, ვინაიდან ხელისუფლების მიზანი სწორედ ეს არის - ბოლომდე გააკონტროლოს უზენაესი სასამართლოს ყველა პალატა“, - განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძე საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდენს და აცხადებს, რომ შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები დაამტკიცოს.

„არსებობს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ აპირებს, შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ფონზე, ისევე როგორც შარშან, გააპაროს მოსამართლეთა სია. მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება მობილიზებულია პროპორციულ- მაჟორიტარული არჩევნების თემასთან დაკავშირებით და პოლარიზებულია საშინლად, მაშინ როდესაც კარასინმა დააანონსა რუსული კულტურის ცენტრის გახსნა, რაც უდავოდ იქნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური გამოწვევა, ამ ფონზე არსებობს შესაძლებლობა, რომ „ოცნებამ“ დაიწყოს კანდიდატების განხილვები და მათი დამტკიცება, რაც არ უნდა დავუშვათ. დაუშვებელია ერთი კანდიდატის შეშვებაც კი უზენაეს სასამართლოში, ეს კანდიდატები, ყველანი არიან კომფორტული „ქართული ოცნებისთვის“ და ბიძინა ივანიშვილისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 8 ნოემბერს დასრულდა იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა. სულ 20 კანდიდატია წარდგენილი. მათ კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG