Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი დაითხოვა


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გარი არშბა გაათავისუფლა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან.

„განკარგულებაში“, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის ვებსაიტზე დღეს, 2 დეკემბერს გამოქვეყნდა, გადაწყვეტილების მიზეზი მითითებული არ არის.

ამასთან, დღესვე ამავე საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია რაულ ხაჯიმბას მიერ ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან გამართული თათბირის შესახებ. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა და დე ფაქტო პარლამენტის - სახალხო კრების სპიკერი ვალერი ქვარჩია.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ნოემბერში, სოხუმში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა: „უშიშროების საბჭოზე განვსაზღვრეთ ამ დანაშაულთა გახსნის ვადები. შედეგი, რომელიც გვაქვს, ჩემგან მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების და გენერალური პროკურორის გასათავისუფლებლად სახალხო კრებისთვის წარდგინებით მიმართვის შესახებ“.

22 ნოემბერს, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა სოხუმის ცენტრში, რესტორან „სან რემოსთან.“ ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ე.წ. კანონიერი ქურდები ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. დაიჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის, რესტორნის თანამშრომელი გოგონა დომენიკა აკირტავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG