Accessibility links

logo-print logo-print

აკაკი ზოიძე პარლამენტს და პოლიტიკას ტოვებს


პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის. ამის თაობაზე მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„მქონდა კონსულტაციები ჩემს კოლეგებთან უმრავლესოაბში, იმიტომ, რომ საერთოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და ვცდილობ, ბოლომდე მივიყვანო ის საქმეები და ინიციატივები, რაც მქონდა. გადაბარების და ტექნიკურ საკითხებს ვაგვარებდი. ჩემს ადგილს ასეთ პოლარიზებულ დაპირისპირებულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

ის მზადაა, მმართველ გუნდს კონსულტაცია გაუწიოს ჯანდაცვის სფეროში, რაშიც ექსპერტული გამოცდილება აქვს.

პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, აკაკი ზოიძემ ფეისბუკის გვერდზეც დაწერა.

22 ნოემბერს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება შესთავაზა.

25 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით გაიმართება, თუმცა იმ ოლქებში, სადაც გამარჯვების შანსი ოპოზიციას ექნება, „ქართული ოცნება“ კანდიდატებს არ დაასახელებს.

საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება.

18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის პიკეტირების აქცია და 37 პირი დააკავეს ხულიგნობის და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებით.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის, ვადამდელი პროპორციული არჩევნებისა და 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG