Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს


„არის პირდაპირი საფუძველი იმისთვის, რომ დეპუტატს შეუწყდეს მისი სადეპუტატო უფლებამოსილება“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიას შესახებ.

როგორც კობახიძე განმარტავს, ამ შემთხვევაში კანონიერ ძალაში არის შესული განაჩენი, რადგან საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პირველი ინსტანციის განაჩენი არის საბოლოო ძალაში შესული.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას შემთხვევაში პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი სიმართლეს არ შეესაბამება.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნიკანორ მელია არის კრიმინალი, მას აქვს ჩადენილი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულები და ამ დანაშაულზე მიეცა პასუხისგებაში. აქ რომ იყოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი, ბუნებრივია, შეიძლება, უფრო მკაცრიც ყოფილიყო ეს სანქცია და ხედავთ, რომ სანქცია არის საკმაოდ რბილი, საუბარია ჯარიმაზე და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევაზე. შესაბამისად, ეს არის სწორედ იმის დასტური, რომ არანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან არ გვაქვს საქმე. ის ადეიშვილთან ერთად მონაწილეობდა „ქართუს“ გაკოტრებაში, ეს არის იმდენად ცხადი დანაშაული, რომ აქ სანქციის ადექვატურობაზე საუბარიც ზედმეტია“, - აღნიშნავს კობახიძე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ბუნებრივია, პარლამენტში არის იმაზე მეტი კრიმინალი, ვიდრე მხოლოდ ნიკანორ მელიაა, თუმცა ამ შემთხვევაში, კობახიძის თქმით, კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი.

„ამ საკითხს [დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას] აუცილებლად დავუჭერ მხარს, რადგან კრიმინალების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის“, - თქვა კობახიძემ.

ნიკა მელიამ აბსურდული უწოდა „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეს, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 25 000 ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

„7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საქმე, 25 ადამიანი იყო ბრალდებული ჩემთან ერთად. ყველა ადამიანს გაუკეთდა განრიდება, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და შემატოვეს მხოლოდ მე ამ საქმეში. ამ საქმეს ხელისუფლებისთვის რომ მიეცა დაკავების საფუძველი, ძალიან დიდი ხნის წინ შეასხამდნენ ხორცს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდოდა“, - უთხრა ჟურნალისტებს მელიამ.

2 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილებაც, რომელიც დეპუტატისთვის გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. კერძოდ, მას არ აქვს საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე დატოვების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთებისა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მონიტორინგის მიზნით ელექტრონული სამაჯური უკეთია.

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG