Accessibility links

logo-print logo-print

პარლამენტის თავმჯდომარე ძალადობის გამომწვევი ქმედებების პრევენციას ითხოვს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ნებისმიერი ძალადობრივი ინციდენტის პრევენციისთვის.

„ჩემი პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებთ, გუშინ რაც ვნახეთ, უკვე რეალურად ნათელია საზოგადოებისთვის, თუ რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება. ამიტომ, მე თუ მკითხავთ, სახელმწიფომ ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტივობები, რომელმაც შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს“, - უთხრა დღეს, 3 დეკემბერს, მედიას არჩილ თალაკვაძემ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის დაწყებამდე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროტესტის გამოხატვა უნდა დარჩეს მშვიდობიან ფარგლებში, როგორც ეს კანონითაა გათვალისწინებული და წინასწარ უნდა მოხდეს შესაძლო დაპირისპირების გამომწვევი ქმედებების პრევენცია.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის რეკომენდაციაა, რომ მომავალში, იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც ძალადობისა და ესკალაციის პროვოცირებას ახდენენ, გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული ზომები და წინასწარ აღიკვეთოს სარისკო მოქმედებები.

„კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ დაუბრუნდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიან ფორმებს, გააგრძელონ პროტესტი რამდენი ხანიც სურთ. ჩვენ, პოლიტიკოსები, ვაგრძელებთ კონსულტაციებს და დიალოგს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტუაცია ძალიან მალე დამშვიდდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

2 დეკემბერს, თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების ინფორმაციით, დაშავდა აქციის 5 მონაწილე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG