Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანდატურის სამსახურმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება 116-ე სკოლაში მომხდარ ფაქტზე


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის 116-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის 3 დეკემბერს მომხდარი კონფლიქტისას დაშავებული მოზარდის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს, 4 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „3 დეკემბერს, მანდატური ახორციელებდა სკოლის ტერიტორიის დისტანციურ მეთვალყურეობას, რა დროსაც ვიდეოკამერიდან შენიშნა, რომ შესვენების დროს, დერეფანში, უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა მიიღო. მანდატურმა ინფორმაცია მყისიერად გადასცა კოლეგას, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მერვე კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება“.

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, ბიჭს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თავად მანდატურმა კი ფაქტი პოლიციას აცნობა. ამავე სამსახურის განცხადებით, მისი და სკოლის ადმინისტრაციის მიერ გატარდა უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება.

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს პოლიცია იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG