Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური სამსახური: ზურაბ ბუდაღაშვილი სამარტოო საკანში არ არის


პენიტენციური სამსახურიდან რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 20-21 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი ამჟამად მარტო იმყოფება საკანში, თუმცა ეს სამარტოო საკანი არ არის.

„ბრალდებული ზურაბ ბუდაღაშვილი იმყოფებოდა N8 პენიტენციური დაწესებულების ექვსკაციან საკანში, ხუთ თანამესაკნესთან ერთად. ბუდაღაშვილის მიერ ციხეში მასზე თითქოსდა განხორციელებული ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მისმა თანამესაკნეებმა მასთან ერთ საკანში ყოფნაზე უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ ბუდაღაშვილი ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. ამიტომ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ბუდაღაშვილი გადაიყვანეს მე-2 სარეჟიმო კურპუსის ბრალდებულებისთვის გათვლილ ოთხკაციან საკანში (24-საათიანი ელექტრო-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ), სადაც მიმდინარე წლის 2 დეკემბრამდე ჰყავდა თანამესაკნე.

2 დეკემბერს მისმა თანამესაკნემაც უარი განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილთან ერთ საკანში ყოფნაზე და სხვა საკანში გადაყვანა მოითხოვა. მისი მოთხოვნა დაწესებულების ადმინისტრაციამ იმავე დღეს დააკმაყოფილა, რის შედეგად ზურაბ ბუდაღაშვილი დროებით მარტო იმყოფება მოცემულ საკანში, თუმცა ეს არ არის სამარტოო საკანი, როგორც დღეს ბუდაღაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა“, - უპასუხეს პენიტენციური სამსახურიდან რადიო თავისუფლებას.

დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოში განაცხადა, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში სთხოვდნენ ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, ის სამარტოო საკანში გადაიყვანეს.

ადვოკატის განმარტებით, ბუდაღაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში პირობები გაუუარესეს. იაშვილის თქმით, ამის მიზეზი ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებაა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართული აქციის საქმეზე სულ პასუხისგებაში მიცემულია 19 პირი. მათ წინააღმდეგ საქმეები აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG