Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია ხულოს მაჟორიტარ დეპუტატსაც მოუწყვეს


„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხულოს ცენტრში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ოფისთან მართავენ საპროტესტო აქციას. შენობაში აქტივისტების ძალით შესვლის მცდელობა სამართალდამცავებმა აღკვეთეს და ოფისთან კორდონი გააკეთეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ „მონა, მონა“. მათი განცხადებით, ანზორ ბოლქვაძე იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნაზე.

ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე 14 ნოემბერს პარლამენტის სხდომას ესწრებოდა, თუმცა საკონსტიტუციო კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

საქართველოში 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების საპროტესტო აქციები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას უკვე მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს. კანონპროექტს ხმები თავად „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან დააკლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG