Accessibility links

site logo site logo

"არა ლობიოს სამართალს" - აქცია ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად


„არა ლობიოს სამართალს“ - ამ სახელწოდების აქცია-პერფორმანსი გამართეს უფლებადამცველებმა და აქტივისტებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან. ისინი ამ ფორმით „ლეიბორისტული პარტიის“ წევრს ლაშა ჩხარტიშვილს უცხადებდნენ მხარდაჭერას და მის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებდნენ.

აქციის ორგანიზატორთა სიტყვებით, ლაშა ჩხარტიშვილი ლობიოს ჰაერში აყრის გამო დააკავეს. ამიტომ მათ სააპელაციო სასამართლოს ეზოში სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი დაყარეს.

3 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ლაშა ჩხარტიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წარდგენილი სარჩელი.

29 ნოემბერს ჩხარტიშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარითაც დააჯარიმა და თავისი სასამართლოს სხდომიდან გააძევა.

29 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე დემონსტრაციაზე სულ 6 პირი დააკავეს.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შეიტყვეს, რომ ბიბლიოთეკაში მიმდინარე ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ესწრებოდა.

აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა პროტესტი 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელ დაპირებას უკავშირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG