Accessibility links

logo-print logo-print

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ითხოვენ


საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, როგორც ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ასოცირებულმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ევროპული ინტეგრაციის შესახებ.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ინიციატივაა, დაფუძნდეს "ევროკავშირი + სამი ასოცირებული ქვეყნის" დიალოგის ფორმატი ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა დარგობრივი ინტეგრაციის მიმართულებებით.

სამი ქვეყნის ინიციტივით, ასოცირებულ ტრიოს - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თანდათანობით, სრულად ისარგებლონ ევროკავშირის ოთხი - საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებით.

ერთობლივ განცხადებაში საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ხაზგასმით აღნიშნავენ სუვერენული ქვეყნების უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, რადგან ევროინტეგრაცია ასოცირებული ქვეყნების მოქალაქეების არჩევანია და თავისუფალი უნდა დარჩეს მესამე ქვეყნების ზეწოლისგან.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გმობენ მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მოუწოდებენ ევროკავშირს, უფრო აქტიურად ჩაერთოს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რეგიონში არსებული კონფლიქტების აღმოფხვრაში და ხელი შეუწყოს მათი ტერიტორიებიდან არალეგალურად განლაგებული ჯარების გაყვანას.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა, ვადიმ პრისტაიკომ და აურელიუ ჩოკოიმ სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას ხელი 5 დეკემბერს მოაწერეს, ბრატისლავაში, სადაც ეუთოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში მონაწილეობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG