Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: ახალი საკონსტიტუციო რეფორმის რესურსი გუნდში არ არსებობს


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში არ არსებობს არც სურვილი და არც რესურსი საიმისოდ, რომ რეალობად იქცეს დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.

„ახალი საკონსტიტუციო რეფორმის რესურსი გუნდში არ არსებობს“, - უთხრა მედიას მდინარაძემ „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ: „გარდა ამისა, აბსოლუტური დაუთანხმებლობაა ძალიან ბევრი წევრისა სრულად მაჟორიტარულ, ე.წ. ამერიკულ სისტემაზე, იმიტომ, რომ ჩვენ მიღებული გვაქვს უკვე გადაწყვეტილება და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი კონსენსუსიც შედგა, რომ საქართველო უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე“.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, მმართველი გუნდი არ შეჯერდება კონტექსტიდან ამოგლეჯილ და უკვე მიღებული გადაწყვეტილების სრულიად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაზე.

„მე ვფიქრობ, რომ არც კი შეიძლება ამაზე მსჯელობა, თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ უნდა გავიდნენ ხალხში, შეაგროვონ ხელმოწერები, რომელიც დაავალდებულებს საქართველოს პარლამენტს, რომ განიხილოს ეს ინიციატივა. თუმცა, მე მგონია, რომ აქამდეც არ უნდა მივიდეს საქმე“, - განაცხადა მდინარაძემ.

უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით, ზუსტად ამავე პოზიციაზეა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრთა უმრავლესობა და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მომხრე დეპუტატების ჯგუფს საკითხის ინიცირების და მსჯელობის ლეგიტიმური უფლება აქვს. უმრავლესობის ლიდერმა უარყო ამ საკითხის გამო დაპირისპირების ფაქტი და ისიც გამორიცხა, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო საპარლამენტო უმრავლესობა დაიშლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG