Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამიას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან


„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას სისხლის სამართლის 317-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირ მოწოდებას გულისხმობს

„317-ე მუხლია, უკვე მესამედ ამჯერად [ფეისბუკის] სტატუსისთვის, საიდუმლო გრიფი ადევს და საიდუმლო გრიფი ამ ეტაპზე გულისხმობს, რა კითხვებიც დავსვით, ის არ გაახმაუროთო. არაფერი გასახმოვანებელი არ არის, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ივარაუდოთ, რა შეკითხვებს დასვამდნენ. რა ვიგულისხმე დამხობაში, რა ვიგულისხმე უზურპატორში? თუ არ იციან რა ვიგულისხმე უზურპატორში, მაშინ საერთოდ რატომ დაიწყეს. რომ განვუმარტე, რომ ბიძინა ივანიშვილი-მეთქი, მაშინ ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაო, ეს განმამარტინეს. რის გამოც მცხვენია, არ მეგონა, რომ ამის განმარტება მომიწევდა ამ რეჟიმის დროსაც კი“, - უპასუხა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.

მისი განმარტებით, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ხელისუფლება არ არის, ოფიციალური მაინც

რაც შეეხება საიდუმლო გრიფს, ნიკა გვარამიას განცხადებით, მან მოისმინა განმარტება, რომ ის შეეხება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რომელიც ჯერჯერობით არის მხოლოდ ნიკა გვარამიას „პოსტი“. მას საიდუმლო გრიფის გამოყენება აბსურდულად და ანტიკონსტიტუციურად მიაჩნია.

ნიკა გვარამიამ განმარტა, რა იგულისხმა სიტყვა დამხობაში.

„დამხობა, თან უზურპატორის, ნიშნავს მის გაწევას იქიდან, რაც მისთვის არ მიუნიჭებია ერთადერთ შესაძლებელ წყაროს, ანუ საქართველოს ხალხს მისთვის არ მიუნიჭებია უფლება, იყოს საქართველოს ხელისუფლება და ის დღეს ახორციელებს საქართველოს ხელისუფლების ფუნქციებს ეფექტურად. რატომ არის ეს უკანონო, იმიტომ, რომ ამას შეიძლება ახორციელებდეს მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, თანამდებობის პირი. ის არ არის არც ერთი და არც მეორე. ეს არის სახელმწიფოს მიტაცება და ეს დაარქვა არა ნიკა გვარამიამ, არამედ ბევრმა საერთაშორისო ორგანომ, ამას ჰქვია ხელისუფების უზურპაცია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქმე „ფეისბუკზე“ დაწერილ ნიკა გვარამიას ტექსტს უკავშირდება.

„უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !“ - დაწერა 3 დეკემბერს ნიკა გვარამიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG