Accessibility links

ახალი ამბები

ერთი ადამიანი გარდაიცვალა ბინაში მხუთავი აირის დაგროვების შედეგად

ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში სავარაუდოდ, მხუთავი აირის CO-ს დაგროვების შედეგად. მოწამლულია გარდაცვლილის ძმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, და-ძმას საცხოვრებელი ბინა ნაქირავები ჰქონდათ.

გაზის კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, ბინაში სამი ღიაკამერიანი გაზის გამაცხელებელი დამონტაჟებული იყო გამონაბოლქვის გამწოვი მილების გარეშე. კომპანიის განცხადებით, მობინადრეებს აკრძალული დანადგარები ივნისში ჩაუხსნეს და გააფრთხილეს, მაგრამ მათ ხელმეორედ, კუსტარულად დააერთეს.

მესხის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევამდე, 8 დეკემბერს „თბილისი ენერჯიმ“ გამოაქვეყნა ნოემბრის სტატისტიკური მონაცემები წესების დარღვევით დამონტაჟებული დანადგარების და მიღებული ზომების შესახებ და აბონენტები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, არ მოიხმარონ "აკრძალული და მკვლელი ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები" და გაითვალისწინონ, რომ ქარიან ამინდში კიდევ უფრო იზრდება ბინაში CO-ს დაგროვების რისკი.

ყველა ახალი ამბავი

ზვიად კუპრავამ პროკურატურასთან "ბოტასის ძეგლი" დადგა

საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის მეორედ დანიშვნის შესაძლებლობა ზვიად კუპრავამ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად აქცია - პერფორმანსით გააპროტესტა. მათ პროკურატურის წინ „ბოტასის ძეგლი“ დადგეს სახელით, „ოთარასი“. ზვიად კუპრავას განმარტებით, მოპარული ბოტასი ასოცირდება დღევანდელ, ფარცხალაძე - შოთაძის პროკურატურასთან:

ჩვენი პროტესტი არის შემდეგი: არაფერი არ დაუშავებია იმაზე მეტი მირზა სუბელიანს, რაც დააშავა შოთაძემ. და თუ შოთაძეს აბრუნებენ და თუ ღირსების საკითხია შოთაძის დაბრუნება, თუ ღირსებაა ღირსება იყოს - ანუ ალეგორიულად დააბრუნონ მირზა სუბელიანიც.

ეს ხომ იქნება შეურაცხყოფა საზოგადოების, ეს ხომ იქნება იმ ათი ათასობით ადამიანის შეურაცხყოფა, რომლებიც სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძოდნენ...არამც და არამც- მისი დაბრუნება გენერალური პროკურორის პოსტზე არ შეიძლება და სწორედ ესაა ჩვენი პროტესტის მიზეზი. შოთაძე ან არ დაინიშნება, ან თუ დაინიშნება ძალიან მნიშვნელოვანი მასობრივი პროტესტის ფონზე“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

დღეს საპროკურორო საბჭო შეამოწმებს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარდგენილი პირების შესაბამისაობას კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან და მათი დოკუმენტების სისრულეს.საბჭოს წევრები იმსჯელებენ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის წესსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. სხდომა 13 საათზე გაიმართება.

საბჭოსთვის გენერალური პროკურორობის კანდიდატთა წარსადგენად ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები 17 იანვარს დასრულდა 17 კანდიდატის წარდგენით. მათ შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამო 2018 წლის მაისში გადამდგარი ირაკლი შოთაძე. მისი კანდიდატურა საბჭოს წარუდგინა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 დეკემბერს, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება უფორმდება

პროკურატურის ინფორმაციით, მიღწეულია საპროცესო შეთანხმება დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ-ს დაცვის მხარესთან.

„ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. ასევე, მოაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სწორედ ამის გათვალისწინებით მხარეებს შორის გაფორმებულ იქნა საპროცესო შეთანხმება“, - უთხრა დღეს, 22 იანვარს ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ. მან საპროცესო შეთანხმების დეტალები არ დაასახელა იმ მოტივით, რომ საქმის განხილვა დახურულია.

პროკურორმა განცხადება გააკეთა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც ამჟამად მიმდინარეობს დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების, გ.ჯ-ს და გ.ბ-ს საქმის განხილვა.

2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ.ჯ-მ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გ.ბ-ს კი, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას.

2019 წლის ივნისში სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელეობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი: პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდება

„ჯებირი კი არა, ამათ ჩინური კედელიც რომ აღმართონ, იქ ჩემი პროტესტი გაგარძელდება“, - ამბობს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლამ მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მისი სიტყვებით, პროტესტი საბოლოო მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება.

„მე ამათ დავანგრევ, მე ამათ დავამთავრებ, გახარიას თქმისა არ იყოს. ვნახოთ ვინ ვის დაამთავრებს. კარვებიც და ბანერიც დაიდგმება და ჩემი პროტესტიც გაგრძელდება სანამ ამათ არ დავამთავრებ“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია - სადაც საპროტესტო კარვების ადგილას, საახალწლოდ, საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობისთვის განკუთვნილი დახლები დადგეს - 22 იანვრის დილიდან შემოღობილია.

საქართველოს პარლამენტის წინ თბილისის მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

"იქნება ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, იქნება გამწვანებითი სამუშაოები ჩატარებული", -განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ 22 იანვრის თბილისის მთავრობის სხდომაზე.

მისი სიტყვებით "იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე, როდესაც დავამთავრებთ სამუშაოებს".

თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალი. ​მისივე თქმით, მერიამ რეაბილიტაციის პროექტი 2019 წლის მაისის ან ივნისის თვეში შეიძინა.

ოთხი ქართველი მოჭიდავე მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა

გენო პეტრიაშვილი

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) მსოფლიოს რეიტინგი განაახლა და თითოეულ წონით კატეგორიაში ათ-ათი საუკეთესო მოჭიდავე დაასახელა. განახლებული რეიტინგის სათავეში ოთხი ქართველია - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლაშა გობაძე (82 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

თავიანთი წონის მოწინავე ათეულში სულ ათი ქართველი მოჭიდავე მოხვდა. ირაკლი მწითური 92 კილოგრამი წონითი კატეგორიის მესამე ნომერია, გიორგი მელია (97 კგ), იაკობ ქაჯაია (130 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) მესამე ადგილს იკავებენ, იური ლომაძე (72 კგ) - მეცხრეს.

მსოფლიოს რეიტინგის მიხედვით ხდება განთესვა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ოთხ-ოთხი საუკეთესო მოჭიდავე სატურნირო ბადეში ისე ნაწილდება, მათი გზები ნახევარფინალამდე არ იკვეთება, წონის პირველი და მეორე ნომრები კი ერთმანეთს ფინალამდე არ ხვდებიან.

თბილისში იწყება გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა

კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მარტიდან თბილისში გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა ამოქმედდება.

„მკურნალობისთვის წლიურად ერთი პაციენტისთვის დაახლოებით საჭიროა 24 000 ლარი, სოციალურად დაუცველებისთვის 100 პროცენტით იქნება დაფინანსება, ხოლო ვინც ამ სტატუსს არ ატარებს, მათ 80 პროცენტით დაუფინანსდებათ“, - განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, გაიზრდება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობაც. კერძოდ პროგრამაში ჩართულ 1000 ბავშვს დაემატება მოლოდინის რეჟიმში მყოფი 230 ბავშვი.

„პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად ერთი ბავშვის დასაფინანსებლად გამოყოფილია 400 ლარი. ეს არის ის თანხა, რაც სჭირდება რეაბილიტაციას. პროგრამით მოსარგებლეები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილები და მათ თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი ჩაუტარდებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დავით ზალკალიანი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირებს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპარლამენტის მხრიდან რაიმე სანქციებს არ ელოდება, რადგან დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს კონსტიტუციაში ასახულ საგარეო პრიორიტეტებს და დემოკრატიულ რეფორმებს ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

სანქციების საფრთხის შესახებ ჟურნალისტებმა მინისტრს დღეს, 22 იანვარს ჰკითხეს თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე. შეკითხვის საფუძველი იყო 21 იანვარს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული მწვავე კრიტიკა საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის და პოლიტიკურ ოპონენტებზე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევის გამო.

დავით ზალკალიანის თქმით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დებატების ძირითადი მიზანი იყო ევროპარლამენტარებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უმძიმესი სიტუაციის გაცნობა და მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია: „ბუნებრივია, იყო იქ რამდენიმე კითხვა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა. ჩვენ ვიყავით მზად იმისთვის, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი წუთი, წუთნახევარი დაეთმო საქართველოს წარმომადგენელს იმისთვის, რომ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიეწოდებინა იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა. მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს“.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპარლამენტარების სრულყოფილად ინფორმირებისთვის საჭიროა მუდმივი საუბარი და დიალოგი, რისი შესაძლებლობაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ ექნებათ.

დავით ზალკალიანმა დაახლოებით ასეთივე შინაარსის კომენტარი გააკეთა ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ კრიტიკულ წერილზეც: „მე ვფიქრობ, რომ წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ვიზიტები, რომელიც დაიგეგმება და იგეგმება უკვე მაღალი თანამდებობის პირებისა ვაშინგტონში, იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის კონგრესმენებს მიეცეთ მკაფიო, ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ“.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ნებისმიერი გამოხმაურება და მათ რეკომენდაციებს დიდი ყურადღებით ეკიდება.

21 იანვარს, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზიგერმა ტვიტერზე დაწერა, რომ მან, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, რაც პრობლემებს უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს დილით საქართველოში 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან 14 კილომეტრში, სოფელ ხინოსთან მდებარეობდა. მიწისძვრის ბიძგები თბილისის დროით 07:24 საათზე დაფიქსირდა.

კახა კალაძე: დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს 

საქართველოს პარლამენტის წინ თბილისის მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

"იქნება ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, იქნება გამწვანებითი სამუშაოები ჩატარებული", - ამბობს კალაძე 22 იანვრის თბილისის მთავრობის სხდომაზე და განაგრძობს: "იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე, როდესაც დავამთავრებთ სამუშაოებს".

მერის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალი. ​მისივე თქმით, მერიამ რეაბილიტაციის პროექტი 2019 წლის მაისის ან ივნისის თვეში შეიძინა.

პარლამენტის წინ ტერიტორია - სადაც საპროტესტო კარვების ადგილას, საახალწლოდ, საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობისთვის განკუთვნილი დახლები დადგეს - 22 იანვრის დილიდან შემოღობილია.

"TV პირველის" მფლობელის ინფორმაციით, ინკასოს მოსახსნელად სესხი აიღეს

“TV პირველის“ საბანკო ანგარიშებს ინკასო მოეხსნა. ამის შესახებ ფეისბუკზე დაწერა ტელეკომპანიის მფლობელმა ვახტანგ წერეთელმა. მისი ინფორმაციით, „ინკასო მოხსნილია. სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით, თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს“.

ვახტანგ წერეთელი ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მიმართავს: ​„გადავიხადეთ. ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით. ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ, ერთი ადგილია საჭირო. მოდით, დავიწყოთ ჩელენჯი - TV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები. ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში. ბატონო მინისტრო - წამზომი ჩაირთო!“

2019 წლის 25 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო „კავკასიის“, „TV პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ანგარიშებს. მანამდე, 23 დეკემბერს სამინისტრომ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აფრთხილებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მქონე ტელეკომპანიებს და ერთი დღის ვადას აძლევს 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხის დასაფარად.

"პირველის" და "კავკასიის" ხელმძღვანელებმა ფინანსთა სამინისტროს "უსამართლო გადაწყვეტილება" დაუკავშირეს ხელისუფლების მიმართ ტელეკომპანიების კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას და დაინტერესდნენ, რატომ არ არის მიღებული ანალოგიური ზომა ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ, რომელსაც მრავალმილიონიანი დავალიანება აქვს. თავის მხრივ, "იმედმა" განაცხადა, რომ მას ბიუჯეტის მიმართ მიმდინარე დავალიანება არ გააჩნია.

პარლამენტის წინ ატრაქციონები აიღეს და ღობე აღმართეს

პარლამენტის წინ, სადაც საახალწლოდ საპროტესტო კარვების ადგილზე თბილისის მერიამ საბავშვო ატრაქციონები დადგა, ახლა დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლის ღობეა აღმართული.

საქართველოს პარლამენტის წინ ტერიტორია მწვანე ღობით 21 იანვარს გვიან ღამის საათებში შემოსაზღვრეს. ღობის შიგნით არავის უშვებენ, ადგილზეა საპატრულო ეკიპაჟიც.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ მერი, კახა კალაძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრებს, რომელიც 22 იანვარს 11 საათზეა ჩანიშნული.

პარლამენტის წინ საპროტესტო კარვები დედაქალაქის მერიამ 31 დეკემბერს აიღო. მათ ადგილას, საახალწლოდ, საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობისთვის განკუთვნილი დახლები დაიდგა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი - რომელიც 2 წელია შვილის მკვლელობის გამოძიებას მოითხოვს - რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მერიაში იცოდნენ, რომ ის ისევ აპირებდა საკუთარი კარვის დადგმას პარლამენტის წინ და ამიტომ ტერიტორიას "ოკუპაცია გაუკეთა".

"ისეთ კედელი აღმართეს, მე ვფიქრობ, შეუძლებელი იქნება იქ შეღწევა, გარშემო პოლიცია დგას. გუშინ დილიდან მხედავდნენ რომ იქ ვიყავი და იცოდნენ, რომ იქ ბანერის დადგმას ვაპირებდი." - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

აშშ-ში ჩასვლა შესაძლოა, ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც შეიზღუდოს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, გააფართოვოს ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეებს აშშ-ში ჩასვლა აკრძალული აქვთ და ამ სიაში შეიტანოს ბელარუსიც. ამის შესახებ თეთრ სახლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერენ გამოცემები Politico და The Wall Street Journal-ი. პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა, რომ ჩამონათვალის გაფართოების საკითხი განიხილება, თუმცა, კონკრეტული ქვეყნები არ დაასახელა.

წინასწარი ინფორმაციით, ბელარუსის გარდა შეზღუდვები დაუწესდებათ ყირგიზეთს, მიანმას, ნიგერიას, სუდანს, ტანზანიას და ერითრეას. გამოცემები წერენ, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რა იქნება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. საბოლოო სიის გამოქვეყნებას 27 იანვრისთვის ელოდებიან.

2017 წლის იანვარში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით, აშშ-ში ჩასვლა აუკრძალა ირანის, ერაყის, სირიის, ლიბიის, იემენის, სომალის, ჩადის და სუდანის მოქალაქეებს. ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს უფლებადამცველებმა და რელიგიური ნიშნით დევნად შეაფასეს, რაც არ გაიზიარა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჰოგან გიდლიმ სიის შესაძლო გაფართოებაზე საუბარი არ ისურვა, თუმცა, განაცხადა, რომ პრეზიდენტის პირველი, 2017 წლის განკარგულება წარმატებული იყო და მნიშვნელოვნად გაზარდა ამერიკის უსაფრთხოების დონე.

საპროკურორო საბჭო იწყებს გენერალური პროკურორობის კანდიდატთა შემოწმებას

საქართველოს გენერალური პროკურატურა

საპროკურორო საბჭო შეამოწმებს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარდგენილი პირების შესაბამისაობას კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან და მათი დოკუმენტების სისრულეს. ამ მიზნით, საპროკურორო საბჭო დღეს, 13 საათზე სხდომას გამართავს. საბჭოს წევრები იმსჯელებენ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის წესსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.

საბჭოსთვის გენერალური პროკურორობის კანდიდატთა წარსადგენად ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები 17 იანვარს დასრულდა 17 კანდიდატის წარდგენით. მათ შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამო 2018 წლის მაისში გადამდგარი ირაკლი შოთაძე. მისი კანდიდატურა საბჭოს წარუდგინა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საბჭო ერთი კვირის ვადაში იწყებს ხელახალ კონსულტაციებს.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

საპროკურორო საბჭოს წევრები არიან პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები, ადვოკატები და პარლამენტის დეპუტატები. 15-წევრიანი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარეა პროკურორი ნანა ხუნჯუა.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 დეკემბერს, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

ახალი კორონავირუსის გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო სხდომას გამართავს

მგზავრები დამცავი ნიღბებით პეკინის რკინიგზის სადგურში

დღეს ჟენევაში გაიმართება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სხდომა, რომელზეც იმსჯელებენ პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის საშიში ვირუსის გავრცელებაზე. ორგანიზაციის ექსპერტები შექმნილ ვითარებას შეაფასებენ და ამის საფუძველზე გადაწყდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სხდომის შედეგებს ელოდება საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც. მისმა ხელმძღვანელებმა 20 იანვარს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებს.

პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის საშიში ვირუსი 2019 წლის დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან. 22 იანვრის დილის მონაცემებით, ჩინეთში გარდაცვლილია 9 ადამიანი და ინფიცირებულია 440.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლენილია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

სპეციალისტები შიშობენ, რომ ახალი სახეობის ვირუსი შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს მოახლოებული აღმოსავლური ახალი წლის პერიოდში, როცა დღესასწაულის აღსანიშნავად ჩინეთში მილიონობით ადამიანი მოგზაურობს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი კორონავირუსი 2002 წელს გამოვლენილი ვირუსის, SARS-ის ერთ-ერთი სახეობაა. თავის დროზე SARS-იც ჩინეთიდან გავრცელდა, 2002-2003 წლებში პანდემია გამოიწვია და 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჩინეთში 9-მდე გაიზარდა ახალი საშიში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი

ჩინეთის ხელისუფალთა ინფორმაციით, ცხრამდე გაიზარდა ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით გარდაცვლილთა რიცხვი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსი დაუდასტურდა კიდევ 100 ადამიანს. 22 იანვრის დილის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 440-ია. მათ შორისაა სულ მცირე 15 ექიმი და ექთანი.

დაავადებულთა უმრავლესობა ჰუბეის პროვინციის მცხოვრებია. დეკემბრის ბოლოდან, ახალი ვირუსის გავრცელება სწორედ ამ პროვინციიდან დაიწყო. საშიში ვირუსით ინფიცირებულები არიან პეკინსა და შანხაიშიც. ჩინეთის ხელისუფლებამ ჰუბეის პროვინციაში მაქსიმალურად შეზღუდა საზოგადოებრივი შეკრებები და მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს მიმართა, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლენილია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

სპეციალისტები შიშობენ, რომ ახალი სახეობის ვირუსი შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს მოახლოებული აღმოსავლური ახალი წლის პერიოდში, როცა დღესასწაულის აღსანიშნავად ჩინეთში მილიონობით ადამიანი მოგზაურობს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი კორონავირუსი 2002 წელს გამოვლენილი ვირუსის, SARS-ის ერთ-ერთი სახეობაა. თავის დროზე SARS-იც ჩინეთიდან გავრცელდა, 2002-2003 წლებში პანდემია გამოიწვია და 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აშშ-ის კონგრესმენებმა "ღრმა შეშფოთება" გამოხატეს გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილში

ადამ კინზინგერი

აშშ-ის კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა ადამ კინზიგერმა, რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეა, ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ მან და მისმა კოლეგებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს წერილი, რომელშიც შეშფოთება გამოხატეს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო.

„დღეს ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, რაც პრობლემებს უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე.“

კინზინგერმა და აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მეორე თანათავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯერი კონოლიმ დეკემბერშიც გაუგზავნეს გახარიას ღია წერილი, რომელშიც გამოთქვეს მზარდი შეშფოთება "ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უარი თქმულიყო დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე, ისევე, როგორც ძალადობის შესახებ ცნობებზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ".

ლიეტუვის პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა საკონსტიტუციო ცვლილების ვერმიღების გამო

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა.

ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდის თანახმად, ნაუსედამ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილების [რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა] ჩავარდნის გამო წუხილი გამოთქვა.

„ვწუხვართ, რომ შარშან საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსენსუსის მცდელობას პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის და ასევე მიგვაჩნია, რომ გარე ძალებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ შეუთანხმებლობა ხელისუფლება და ოპოზიციას შორის, რაც შექმნის არასტაბილურობას საქართველოსა და რეგიონში”, - თქვა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ამ თემის შესახებ საუბარი არ არის.

საქართველოს მთავრობის პრესრელიზში აღნიშნულია: „მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ივნისში ბრიუსელში გაიმართება და შეიმუშავებს ახალ ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკა, სექტორული თანამშრომლობა, ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები. აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია“. ამავე ცნობით, გიორგი გახარიამ შეხვედრაზე თქვა, რომ ლიეტუვა საქართველოს ახლო მეგობარი და მოკავშირეა.

„ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“, - ამბობს პრემიერი.

გახარია დავოსში 21 იანვარს გაემგზავრა. პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

გარდაიცვალა თენგიზ სიგუა

გარდაიცვალა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, - იტყობინება „პირველი არხი" ოჯახის წევრებზე დაყრდნობით.

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში სიგუა 1990 წლის 15 ნოემბერიდან – 1991 წლის 18 აგვისტომდე იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. შემდეგ ის დაუპირისპირდა ხელისუფლებას. იყო სამხედრო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი; გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, სიგუა ასრულებდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას, მოგვიანებით კი 1993 წლის 6 აგვისტომდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.

უილიამ ბრაუდერი: შვეიცარიამ დავოსში ჩაშალა რუსეთის სპეცსამსახურების ოპერაცია

უილიამ ბრაუდერი

შვეიცარიის სპეცსამსახურებმა დავოსში ჩაშალეს რუსეთის სპეცსამსახურების ოპერაცია. ამას იუწყება გამოცემა Tages-anzeiger-ი. ჯერ კიდევ ზაფხულში შვეიცარიის სპეცსამსახურებმა ყურადღება მიაქციეს შვეიცარიაში ჩასულ რუსეთის ორ მოქალაქეს. ერთ-ერთმა განაცხადა, რომ სანტექნიკოსი იყო. ამასთან, რუსები შვეიცარიაში სამი კვირით დარჩენას აპირებდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს კონკრეტული გეგმების დასახელება. ამან შვეიცარიის ხელისუფლებას ეჭვები გაუჩინა. გარდა ამისა, ორივე „ტურისტს“ რუსეთის დიპლომატიური პასპორტები ჰქონდა. გაზეთის წყაროების თანახმად, რუსები დავოსში შესაძლოა აპირებდნენ საუბრების საიდუმლოდ მოსმენას ან ჰაკერულ თავდასხმას ამზადებდნენ საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის დროს. მაგრამ საბოლოოდ რუსები გაათავისუფლეს, ვინაიდან ვერ შეძლეს მათი ჯაშუშური საქმიანობის დამტკიცება. დღეს კი ფინანსისტმა უილიამ ბრაუდერმა განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიზანი მისი დაპატიმრება იყო. მას მიაჩნია, რომ ოპერაცია დაკავშირებულია მის მცდელობებთან, საჯაროდ წარუდგინოს რუსეთის ხელისუფლებას რუსი იურისტის, სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის ბრალდება, დააზუსტა ბრაუდერმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ცნობილია რუსეთის განახლებული მთავრობის შემადგენლობა

რუსთეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი (მარცხნივ) და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი განახლებული მთავრობის პირველი სხდომის წინ. 2020 წ. 21 იანვარი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ახალი მთავრობის სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ მიხაილ მიშუსტინის თავმჯდომარეობით.

პრემიერ-მინისტრს ეყოლება ცხრა მოადგილე, ერთ-ერთი მათგანი იქნება პირველი ვიცე-პრემიერი. ეს იქნება ანდრეი ბელოუსოვი, რომელიც ადრე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იყო. საგრძნობლად განახლდა ვიცე-პრემიერების სია.

დანიშნულ პირთა სიის თანახმად, რომელიც 21 იანვარს გამოქვეყნდა, თანამდებობები შეინარჩუნეს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ. თანამდებობები შეინარჩუნეს აგრეთვე ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა, ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დმიტრი პასტუშევმა. პერმის გუბერნატორი მაქსიმ რეშეტნიკოვი ეკონომიკის მინისტრი ხდება. ამ თანამდებობაზე ის მაქსიმ ორეშკინს შეცვლის.

„გულითადად გისურვეთ წარმატებას... ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია“, განაცხადა პუტინმა კაბინეტთან შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცა.

პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის მთავრობა 15 იანვარს გადადგა, როცა პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გამოაცხადა. მედვედევი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა.

აშშ-ის სენატში განახლდება ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული ისტორიული გამოძიება

დღეს აშშ-ის სენატში განახლდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული ისტორიული გამოძიება. როგორც ვარაუდობენ, მას კვირაში ექვს დღეს დაუთმობენ და ის მხოლოდ კვირაობით შეწყდება ხოლმე. 20 იანვარს ტრამპის ადვოკატებმა წარმოადგინეს დაცვის ძირითადი პუნქტები, რომელთა გამოყენებასაც აპირებენ ისინი დემოკრატების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ ტრამპს თანამდებობის დატოვების განაჩენი გამოუტანონ უკრაინასთან ურთიერთობებთან დაკავშირებით.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 18 იანვარს დაადგინა, რომ ტრამპმა თავისი უფლებამოსილებები ბოროტად გამოიყენა უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, რათა პირადი გამორჩენა ენახა, შემდეგ კი შეეცადა, დაეფარა ეს კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლით.

ევროპარლამენტში მწვავედ გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება

დღეს ბრიუსელში ევროპის პარლამენტის დეპუტატთა წინაშე წარდგნენ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ევროპარლამენტარებმა მწვავედ გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება. მათ ყურადღება გაამახვილეს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე, მედიაზე განხორციელებულ ზეწოლაზე, საარჩევნო სისტემის რეფორმის შეფერხებაზე.

„როცა ჩვენ ვხედავთ თავდასხმას ოპოზიციაზე, არასამთავრობოებზე, მედიაზე, მოწინააღმდეგეებზე, ეს თქვენ, საქართველოს, არ დაგეხმარებათ ახალი მეგობრები იპოვოთ ევროპარლამენტში“, აღნიშნა ევროპარლამენტარმა რასა იუნკიავიჩენემ.

ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა ისაუბრა, მისი თქმით, 22 დამთხვევაზე, როცა ხელისუფლებას პოლიტიკური პრობლემები ექმნებოდა და ამავე დროს ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გამოძიება და მათთვის პროკურატურაში ბრალდებების წაყენება იწყებოდა.

ანდრიუს კუბილიუსმა ხელისუფლება გააფრთხილა, „თქვენი არჩევნების მიმართ საერთაშორისო ნდობა ძალიან ლიმიტირებული იქნება“, თუკი არ იქნება მიღებული არჩევნების პროპორციული სისტემაო.

„დაბოლოს, შეგიძლიათ, მითხრათ, არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული?“ - განაცხადა კუბილიუსმა.

საარჩევნო სისტემას ეხებოდა ევროპარლამენტარ მარკ გალერის კრიტიკაც. „გულახდილად თქვით, ამბობდა თუ არა ბატონი ივანიშვილი, შეცვალეთ საარჩევნო სისტემა, თუმცა კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს აწყობდა? თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ“, მიმართა მან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს“, აღნიშნა ევროპარლამენტარმა სანდრა კალიენტემ. ამასთან, მან დამსწრეთ შეახსენა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, „რომელშიც ნათქვამია, რომ ოპოზიციის ბევრი ლიდერი დროს ციხეში გაატარებს მომავალში, ეს არის ის რაღაც, რაც ძალიან ძნელი მისაღებია“.

ევროპარლამენტარების კრიტიკას წინ უძღოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას გამოსვლები.

მათ ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, ადამიანის უფლებების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე.

„საქართველო არასდროს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს“, თქვა კუჭავამ თავის მოხსენებაში.

თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე რექტორის ნაშრომში პლაგიატს უარყოფს

„მე გახლდით ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ნახა ეს ტექსტები და რაც შემიძლია განვაცხადო, გახლავთ ის, რომ ეს თანხვედრა ეხებოდა მხოლოდ საკანონმდებლო დადგენილებას და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო და არ არის პლაგიატი“, - უთხრა ჟურნალისტებს თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ქეთევან ხუციშვილმა, ამავე უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომის შესახებ.

ხუციშვილის განმარტებით, ანტიპლაგიატის (Turniitin) პროგრამამ მხოლოდ საკანონმდებლო დადგენილება აჩვენა და პლაგიატი არ დადასტურდა.

„შესაბამისად, ყველანაირი სხვა კომენტარი აქ გამორიცხულია, როდესაც არ არის პლაგიატი, ვეღარ იქნება ლაპარაკი შესაბამის პასუხიმგებლობაზე“, - ამბობს ხუციშვილი.

ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც წერია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი ნაშრომის 34 პროცენტის მოცულობითაა დადასტურებული.

ეს დასკვნა პროფესორმა მისი მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო.

გიორგი შარვაშიძემ დისერტაცია 2003 წელს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, რომლის სამართალმემკვიდრე დღეს ილიას უნივერსიტეტია.

იაგო კაჭკაჭიშვილი განმარტავს, რომ უნივერსიტეტის რექტორმა, "დისერტაცია გაატარა ანტიპლაგიატის პროგრამაში (Turniitin) ისე, რომ ამავე პროგრამაში, შედარების მიზნით, არ შეუტანია ბროშურა, რომლის ტექსტიც მან თავის დისერტაციაში უცვლელად გადაიტანა და რომლის ავტორი თავად არ არის! ცხადია, რომ ასეთი მანიპულაციის შედეგად პროგრამა პლაგიატს ვერ აღმოაჩენდა".

„თავისუფლების მონიტორმა“ გასულ წელს მოიძია დოკუმენტები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელდა. „სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან“ ეთერში 2019 წლის 15 ნოემბერს გავიდა.

ზურაბიშვილმა ისრაელის პრეზიდენტისგან ლეგალურად დასაქმების დაჩქარებაზე თანხმობა მიიღო - ადმინისტრაცია

.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელში კოლეგას, რუვენ რივლინს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს რუვენ რივლინს ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარება სთხოვა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროცესის დაწყების შესაძლებლობას მისცემს, ხელს შეუწყობს საქართველოდან არალეგალური ნაკადის შემცირებას.

როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესის დაჩქარებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტისგან თანხმობა მიიღო

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი პრაქტიკულად მზადაა, თუმცა მის ხელმოწერას საპარლამენტო არჩევნების პროცესმა შეუშალა ხელი.

„აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება დაეხმარება ასევე ისრაელს საზღვარზე, აეროპორტებში შექმნილი ვითარების დარეგულირებაში, რადგან ბოლო წლებში ხშირია შემთხვევები, როცა ხდება საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია“, - ამბობს ლაშა ჟვანია. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტისგან აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესის დაჩქარებაზე თანხმობა მიიღო.

შეხვედრის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

„საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობები არა მხოლოდ ღრმა და ახლოა, არამედ ისტორიულია. განვლილმა 26-მა საუკუნემ ჩამოაყალიბა კავშირი ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

როგორც პრეზიდენტი მიუთითებს, შეხვედრაზე განხილვის თემა იყო უსაფრთხოება, ვაჭრობა, ინვესტიციები, ტექნოლოგიები და კულტურა.

სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის პრეზიდენტის რეზიდენციაში სტუმრების წიგნში ჩანაწერიც დატოვა.

შეხვედრა იერუსალიმში, საქართველოს სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმში მონაწილეობის მიზნით შედგა.

ბინაში, სადაც ორი მამაკაცი გარდაიცვალა, წყლის გამაცხელებელში ჩიტის ბუდე ნახეს

წყლის გამაცხელებლის გამწოვ მილში ჩიტის ბუდე აღმოაჩინეს.

რუსთავში ორი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით კრიმინალისტებმა წყლის გამაცხელებელი დაშალეს და გამწოვ მილში ჩიტის ბუდე აღმოაჩინეს.

ერთ-ერთმა კრიმინალისტმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჩიტის ბუდემ, სავარაუდოდ, ბინაში CO-ს დაგროვება გამოიწვია. გარდაცვლილთა ერთ-ერთმა ახლობელმა, რომელიც შემოწმების დროს კრიმინალისტებთან ერთად ბინაში იმყოფებოდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მილშიც და გამაცხელებელშიც "ნაგავი" იყო დაგროვებული.

ყოფილი პოლიტპატიმარი, ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე გურამ გოგბაიძე და მისი ვაჟი, იაგო 21 იანვრის დილას გარდაცვლილები ნახეს საცხოვრებელ ბინაში. გოგბაიძის ძმისშვილმა, გია გოგბაიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მამა-შვილი ორი დღის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოდიოდა. ბინის კარი გურამ გოგბაიძის ძმამ შეამტვრია. იაგო გოგბაიძე ლოგინზე იწვა, გურამ გოგბაიძე კი, თავგატეხილი და დასისხლიანებული, აბაზანასთან ახლოს, დერეფანში იპოვეს.

ცხედრები ამჟამად სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ქვემო ქართლის ბიუროშია გადასვენებული.

ზალკალიანი: მივმართე ევროკავშირის წარმომადგენელს, "ბორდერიზაციის" საკითხი მწვავედ დააყენოს

დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა მედიასთან განმარტა, რომ ტოივო კლაართან საუბარში უკანონო პროცესებზე საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების აუცილებლობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

„ტოივო კლაართან შეხვედრისას გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. მკაფიოდ დავაფიქსირე საქართველოს პოზიცია იმ არაკანონიერ საოკუპაციო პროცესებთან მიმართებაში, რაც არის დაკავშირებული ე.წ. ბორდერიზაციასთან. ევროკავშირის წარმომადგენელს, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი აქტორი ჟენევის პროცესში, მივმართე, რომ ეს საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით იყოს დაყენებული მათ ორმხრივ დიალოგში რუსეთის ფედერაციასთან, ასევე საოკუპაციო რეჟიმებთან კომუნიკაციის დროს“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ჰუმანიტარული საკითხების გამოყენება საკუთარი უკანონო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ამ პროცესის შეჩერება აუცილებელია. მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი განხილული იქნება მისი ვიზიტების დროს სტრასბურგსა და ვენაში, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს ფორმატში, ასევე ვენაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე და ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ეუთო-ს ფარგლებში.

მინისტრმა განაცხადა, რომ ქართული მხარე წარადგენს თანათავმჯდომარეებთან წინადადებებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს ადგილზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

თავის მხრივ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გასახსნელად. ტოივო კლაარის თანახმად, სწორედ აღნიშნული საკითხი და საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იქნება მთავარი საკითხები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან თანათავმჯდომარეების შეხვედრისას.

ჩამოტვირთე მეტი

მაგდა პოპიაშვილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:44:50 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
მაგდა პოპიაშვილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG