Accessibility links

რუს სპორტსმენებს 4 წლით აეკრძალათ საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობა


რუს სპორტსმენებს 4 წლით აეკრძალათ საერთაშორისო ასპარეზობებში, მათ შორის, ოლიმპიადაში მონაწილეობა. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელი საბჭოს 9 დეკემბრის სხდომა.

(WADA) პანელი 25 ნოემბერს გამოვიდა რეკომენდაციით, რუსეთისთვის დაეწესებინათ ოთხწლიანი აკრძალვა მსოფლიოს ანტისადოპინგო წესების დაუცველობის გამო. ​ WADA-ს კომისია რუსეთს ბრალს სდებდა იმ ლაბორატორიული მონაცემების გაყალბებაში, რომელიც მათ გამომძიებლებს მიაწოდეს.

სკანდალი დასაბამს იღებს 2014 წლის ზამთრის სოჭის ოლიმპიადიდან, როდესაც გამოვლინდა სახელმწიფოს მონაწილეობით დოპინგის მსხვილმასშტაბიანი აფერა რუსი სპორტსმენების შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

2018 წელს WADA-მ გააუქმა აკრძალვა, რაც სამი წლის განმავლობაში ჰქონდა დაწესებული რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო РУСАДА-ს იმ პირობით, თუ რუსეთი გადასცემდა 2012-2015 წლების სადოპინგო მონაცემებს.

მაგრამ 25 ნოემბერს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) განაცხადა, რომ რუსეთმა იანვარში გამომძიებლების გაყალბებული ლაბორატორიული მონაცემები მიაწოდა.

WADA მოითხოვს, რომ რუსეთის სადოპინგო კომიტეტს ოთხი წლით ჩამოერთვას საქმიანობის, ხოლო რუს სპორტსმენებს დიდ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება. წინადადება შეეხება როგორც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს, ისე სხვა საერთაშორისო ასპარეზობებს.

რუსეთი ამ განზრახვას უწოდებს „ბრძოლას წესების“ გარეშე, რაც მიზნად ისახავს მის გამოდევნას საერთაშორისო ასპარეზობებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG