Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს


„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

„სიცხვილიას“, „შეცვალეს“ და „გაბედეს“ აქტივისტიები აცხადებენ, რომ ისინი შეიკრიბებიან ყველგან, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები მივლენ და შეახსენებენ დანაპირების შესრულებას. ამავე დროს, შეუქმნიან დისკომფორტს.

აქციის ორგანიზატორებს საყვირები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატები აქვთ ადგილზე მიტანილი.

15:00 საათზე „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო, რომელსაც, გავრცელებული ცნობით, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის, ვადამდელი პროპორციული არჩევნებისა და 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG