Accessibility links

logo-print logo-print

მამუკა მდინარაძე: მაჟორიტარებთან შეთანხმება შედგა


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაჟორიტარ დეპუტატებსა და მმართველი გუნდის დანარჩენ წევრებს შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგა.

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ მათ შორის შეთანხმება შედგება.

„დღეს ვილაპარაკეთ სამ საკითხზე, პირველი შეეხებოდა გუნდის უმრავლესობის, პარტიის თავმჯდომარის და ჩვენს შეთავაზებას იმ მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, რომ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულად მაჟორიტარულ ანუ „ამერიკულ სისტემაზე“ გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს შეთანხმებაზე მაინც საბოლოოდ არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ორი-სამი დღე ავიღეთ ყველამ, რომ გარკვეული ტექნიკური დეტალები შევაჯეროთ და უკვე პრინციპში გადაჭრითაც კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგება, იმიტომ, რომ პრინციპული თანხმობა ჩვენს პოზიციებს შორის არის და პოზიციები დავაახლოვეთ, მაგრამ ვიდრე საბოლოო დეტალებს არ შევაჯერებთ, ჩვენ გადაწყვეტილებას ვერ გავახმაურებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საუბარია მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც 2024 წლის არჩევნები სრულად მაჟორიტარული წესით ე.წ. ამერიკული მოდელით უნდა ჩატარდეს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღევანდელი შეთანხმების შემდეგ „დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სხვები ამ შეთანხმების შემდეგ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არანაირ ქმედებას არ განახორციელებენ“.

„ეს შეთანხმება იქნება ამის საფუძველი, შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ შეთანხმება შედგება იმიტომ, რომ შეთანხმება პრინციპის დონეზე შედგა და ამ დეტალებს ორი-სამი დღის განმავლობაში დავაზუსტებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ 4 დეკემბერს დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

დიმიტრი ხუნდაძე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის დარეგისტრირებას გეგმავს, რომელიც, მისი თქმით, ამერიკულ საარჩევნო სისტემასა და ორპალატიან პარლამენტს ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს (76 დეპუტატი) ან არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG