Accessibility links

logo-print logo-print

პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე იმსჯელეს სოფელ ჯოყოლოში


27 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ პანკისის ხეობის მოსახლეობა სოფელ ჯოყოლოში პირველად შეიკრიბა.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი ამბობს, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე ადგილობრივებმა მკვლელობის შესახებ არსებული ცნობები გაცვალეს და მკვლელობის შესაძლო მოტივიც განიხილეს.

„შეხვედრაზე ითქვა, რომ ვიდრე ჰესების მშენებლობის თემა იქნებოდა, მანამდე გვარებს შორის არანაირი დაპირისპირება არ იყო. ამ საკითხზე [გვარებს შორის დაპირისპირება] ითქვა, რომ ეს არასწორი ვერსიაა და ყველა თანხმდება, რომ ეს დაპირისპირება ჰესებს უკავშირდება. თვითმხილველები ყვებოდნენ, სად, რა სიტუაციაში მოხდა დაპირისპირება და სროლა. ეს შეხვედრა იმიტომ გაიმართა, რომ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში. მომავალში თუ შედგება შეხვედრა, იქ საუბარი იქნება უკვე პატიებაზე და იმედი მაქვს, რომ მეტი სისხლი აღარ დაიღვრება“, - განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა და დაამატა, რომ საუბარი დაწყებულია შერიგებაზეც, „მთავარია, ის ოჯახი დაითანხმონ, ვისი შვილიც მოკლეს“.

სულხან ბორძიკაშვილის თანახმად, ჯოყოლოში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთმანეთს მოუწოდეს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„შეხვედრაზე რამდენიმე ადგილობრივმა იმის შესახებაც დაიწყო ლაპარაკი, რომ უხუცესთა საბჭოს არ ენდობიან, თუმცა უმრავლესობამ თქვა, რომ ამ შეხვედრის ფორმატი და მიზანი არ არის სხვა თემებზე ვისაუბროთო“.

3 დეკემბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს, არბი ქავთარაშვილს და რამაზ ხანგოშვილს. ორივე მათგანმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. სამართალდამცავებმა ისინი 1 დეკემბერს დააკავეს განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში ახალგაზრდებს შორის 27 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. დაიჭრა სამი ადამიანი.

ერთი ვერსიით, დაპირისპირება ორი გვარის, მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება იყო, მეორე ვერსიით კი, რეგიონში ჰესის მშენებლობით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდებოდა.

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის მშენებლობის დაწყებას, 2019 წლის აპრილში მოჰყვა მწვავე პროტესტი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. პანკისელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მთავრობის მიერ ბირკიანში გაგზავნილ სპეციალურ საპოლიციო ძალებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG