Accessibility links

რა უნდა ვიცოდეთ მოსკოვის "კონფლიქტების გაყინვის" ტაქტიკაზე


"ნორმანდიის ოთხეულის" შეხვედრის წინ კიევში, პრეზიდენტის სასახლესთან ხალხი შეიკრიბა. 8 დეკემბერი, 2019 წელი.

პარიზში, ელისეს სასახლეში, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის წინ, ბევრი კითხულობს, თუ რა გრძელვადიანი მიზანი ამოძრავებს მოსკოვს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაფლულ აღმოსავლეთ უკრაინაში.

დღის წესრიგის თანახმად, საფრანგეთისა და გერმანიის შუამავლობით მიმდინარე „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა, რომელსაც 9 დეკემბერს პირველად ესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ფოკუსირებულია 2015 წლის მინსკის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ესაა „ცეცხლის შეწყვეტა და პოლიტიკური მოწესრიგების გზით სეპარატიზმის პრობლემის გადაჭრა უკრაინის ამბოხებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში“.

მაგრამ ეს საკმაოდ რთული, თითქმის შეუძლებელი ამოცანაა. სეპარატისტებისადმი მორალური, ეკონომიკური თუ ინტენსიური სამხედრო მხარდაჭერით მოსკოვი აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში ატარებს სამეზობლოში.

კრემლის ტაქტიკა სხვა - დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - გაყინული კონფლიქტების მიმართ საკმაოდ არასახარბიელო მომავალს უქადის აღმოსავლეთ უკრაინას.

თავისიანებისადმი დაუნდობელი სხვათა ქომაგი

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყოფილი იმპერია, სადაც სასტიკად იკრძალებოდა ეროვნული საკითხების წამოჭრა, სეპარატისტულმა მოძრაობამ მოიცვა, ახალ დამოუკიდებელ რესპუბლიკებში ეთნიკური და ენობრივი პრობლემების შედეგად წარმოქმნილი დაძაბულობა მალე შეიარაღებული კონფლიქტებში გადაიზარდა.

თავად რუსეთი უსასტიკესად დაუპირისპირდა სეპარატისტებს თავის ტერიტორიაზე. ამის მაგალითია ორი საომარი კამპანია ჩეჩნეთში, სადაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის ყველა ელემენტი გამოიყენა ჩეჩნეთის დამოუკიდებელი ხელისუფლების გასანადგურებლად.

მაგრამ სხვა დამოუკიდებელ ქვეყნებში მოსკოვი აშკარად უჭერდა მხარს „სეპარატისტული ძალების თვითგამორკვევის უფლებას“.

საქართველოში რუსეთი დაუფარავად ემხრობოდა შავიზღვისპირა აფხაზეთისა და კავკასიის მთების კალთებზე მდებარე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ძალებს.

ეთნიკურად და ენობრივად ქართველებისგან განსხვავებულმა აფხაზებმა და ოსებმა 1990 წელს საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და იარაღით ებრძოდნენ საქართველოს სამთავრობო ჯარებს.

ეს ბრძოლა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა მას შემდეგ, რაც 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შედეგად საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პირობა დადო.

2008 წელს რუსეთმა მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალა გადაისროლა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხუთ დღეში დაამარცხა საქართველოს ჯარი და სეპარატისტული რეგიონების ოკუპირება მოახდინა. მიუხედავად ევროპის შუამავლობით დადებული ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა, რუსეთმა რამდენიმე კვირაში დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი.

მეზობელ მოლდოვაში, დნესტრისპირეთის მეტწილად რუსულენოვან ავტონომიაში, მოსკოვი მხარს უჭერს სეპარატისტულ ძალებს. საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალე დნესტრისპირელმა სეპარატისტებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რასაც 1991-92 წლებში მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი.

სეპარატისტებთან ერთად მოლდოვის არმიას წინააღმდეგობას უწევდნენ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები. 1992 წელს დაპირისპირებულ მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწერა ხელი, ბრძოლა შეწყდა, მაგრამ კონფლიქტი დნესტრისპირეთში დაკონსერვებულია. კიშინიოვი ვერ აკონტროლებს რეგიონს, სადაც რუსეთი თავის სამხედრო ძალას ისევ ინარჩუნებს.

სეპარატიზმი უკრაინაში მოგვიანებით აღმოცენდა, 2014 წლის დასაწყისში, როდესაც, კიევის ცენტრში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად, პროევროპულმა ძალებმა ქვეყნიდან განდევნეს მოსკოვის მეგობარი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. რუსეთმა ხელისუფლებიდან იანუკოვიჩის ჩამოშორებას მალევე უპასუხა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიით, პარალელურად კი, რუსულენოვან დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტული ამბოხების მხარდაჭერით.

ცენტრსა და რეგიონებს შორის პოლიტიკური დაპირისპირება ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც 2014 წლის მაისში დონეცკმა და ლუგანსკმა ე.წ. დამოუკიდებელი სახალხო რესპუბლიკების შექმნა გამოაცხადეს. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ბრძოლა გულისა და გონებისათვის

მოსკოვს არაერთი ბერკეტი აქვს სხვადასხვა ცხელ წერტილში სეპარატიზმის გასაძლიერებლად. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური მხარდაჭერა. საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში, რომელსაც „საბჭოთა რივიერას“ (სანაპიროს) უწოდებდნენ, მილიონობით რუსი ტურისტი ისვენებდა, ხოლო სამხრეთ ოსეთის ეკონომიკა მჭიდროდ იყო ინტეგრირებული კავკასიის გადაღმა რუსეთის შემადგენლობაში მყოფ ჩრდილოეთ ოსეთთან.

მოლდოვის დნესტრისპირეთში კი ფოლადის გადამამუშავებელი წარმოება და ელექტროსადგურები რუსეთიდან მიღებულ იაფ ბუნებრივ აირზე მუშაობენ.

აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა რუსეთის პასპორტებს ფლობს, მოსკოვისგან იღებს სოციალურ დახმარებასა და პენსიებს.

აღმოსავლეთ უკრაინის მიმართ რუსეთი ამავე „თაფლაკვერის“ პოლიტიკას იყენებს: ყოველწლიურად მოსკოვი 100-ზე მეტ ჰუმანიტარულ კოლონას გზავნის დონბასის რეგიონში, სეპარატისტები უწყვეტად იღებენ სამედიცინო და სასურსათო დახმარებას.

ბოლო წელს რუსეთმა დაიწყო პასპორტების დარიგების კამპანია აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, სადაც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეისათვის დარიგებულია 125 ათასი პასპორტი.

აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტების გადაჭრა, ფაქტობრივად, ჩიხშია მოქცეული.

და მაშინ, როცა საერთაშორისო მონიტორების მანდატი არ ვრცელდება სეპარატისტულ რეგიონებზე, რუსეთის სამხედრო ძალები იქ მძლავრად არიან წარმოდგენილი და შეუზღუდავად მოქმედებენ.

გაყინული კონფლიქტები და მინელებული ინტერესი

გაყინული კონფლიქტების არსებობა და ტერიტორიული დავები აბრკოლებს საქართველოსა და მოლდოვას როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ასევე დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციას.

დაუსრულებელი მოლაპარაკებების პროცესი არ იძლევა ხელშესახებ შედეგს.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მაინც გამორჩეულია რამდენიმე არსებითი მომენტის გამო. ესაა უკრაინის ვეებერთელა ტერიტორია, მოსახლეობის რაოდენობა, ევროკავშირთან სიახლოვე, დასავლეთის უფრო მძლავრი მხარდაჭერა და სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ, რაც რუსეთის ეკონომიკას საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება.

ამავე დროს, ეს განსხვავებულობა ასევე გაართულებს მოლაპარაკებებს უკრაინის შემთხვევაში.

უკრაინაზე ზომით გაცილებით პატარა და სტრატეგიულად ნაკლები მნიშვნელობის საქართველოს გარშემო 2008 წლიდან დაწყებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსია, დღემდე, უშედეგოდ გრძელდება. 10 დეკემბერს ჟენევაში დისკუსიის 50-ე რაუნდი გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG