განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი არის დაკავებული, - იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე, 1991 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს ყელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს", - აცხადებს შსს.
გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბრალდება 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაწერეთ კომენტარი