Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" ოპოზიციის ინიციატივაზე კონსულტაციებს იწყებს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, კონსულტაციები დაიწყოს ოპოზიციური პარტიების მიერ შეთავაზებულ მრავალმანდატიან, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებზე.

დღეს, 10 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ე.წ. გერმანული მოდელისგან განსხვავებით, ეს ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციას სრულად შეესაბამება: „აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კონსულტაციების დაწყების თაობაზე. დანარჩენს გვიჩვენებს კონსულტაციები. განიხილება ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გუნდში, უმრავლესობის შიგნით და ამის შემდეგ შეჯერებული პოზიციით წარვდგებით ოპოზიციის წინაშე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ კონსულტაციები წარმატებით დასრულდება და მხარეები შეთანხმდებიან გარკვეულ პოზიციებზე, რაც შესაძლებელს გახდის პარლამენტის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას.

ირაკლი კობახიძემ ღიმილისმომგვრელი უწოდა ოპოზიციური პარტიების განცხადებებს, რომ მათ მიერ უკვე დარეგისტრირებული კანონპროექტი ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის შესახებ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობისგან განსხვავებით, კონსტიტუციასთან შესაბამისად მიიჩნია პარლამენტის აპარატში შემავალმა იურიდიულმა დეპარტამენტმა.

„ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთში ურევს საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ბუნებრივია, ვერ იქნება რაიმე ხაზის განმსაზღვრელი ქართულ პოლიტიკაში. ეს აჩვენებს მათი იურიდიული განათლების დონეს, ისევე როგორც გერმანული მოდელის შეთავაზება“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, აპარატმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა მიეღო და კანონპროექტი, უბრალოდ, დაარეგისტრირა.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემაზე კონსულტაციების გაგრძელებას, ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია კვლავ დესტრუქციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ანგარიში გაუწია არა ოპოზიციას, არამედ საერთაშორისო პარტნიორების თხოვნას, რომლებსაც ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი - გაგრძელდეს საქართველოს სტაბილური განვითარება.

30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება მას შემდეგ მოითხოვა, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად.

ოპოზიციის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ შეთავაზებული მოდელით, საარჩევნო სისტემა კვლავ პროპორციულ-მაჟორიტარულია, თუმცა, კონკრეტულ პარტიას ან ბლოკს შეუძლია მიიღოს მაქსიმუმ იმ რაოდენობის მანდატები, რაც დაიმსახურა პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიით. ამ მოდელს საპარლამენტო უმრავლესობამ კონსტიტუციასთან შეუსაბამო უწოდა და განხილვაზე უარი თქვა.

ე.წ. გერმანული მოდელი განიხილებოდა დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, 30 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც მხოლოდ კონსულტაცების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ამ ფორმატით 8 დეკემბერს გამართულ მეორე შეხვედრაზე ოპოზიციამ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შექმნის საკითხი დააყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG