Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ის საქმეს სტრასბურგში დიდი პალატა არ განიხილავს


„გუშინ, 9 დეკემბერს, სტრასბურგის სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ, ე.წ. ფილტრაციის კომიტეტმა იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან მედიას 9 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც 10 დეკემბერს გასაჯაროვდა.

წულუკიანის თქმით, „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრეები სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვდნენ.

„ეს არის სახელმწიფოს, იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის დიდი გამარჯვება, მეორე გამარჯვება. ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც სახელმწიფო ინიტერესის და სიმართლის დასაცავად იყო მობილიზებული, მინდა მადლობა გადავუხადო.

ასევე მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოსთვის, მისი დიდი პალატისთვის, რომელიც ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილებით ამ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებდა. მათ თავის დროზე მრავალი შეტევა და შეურაცხმყოფელი სიტყვა დაიმსახურეს. ჩვენ ვიდექით ქართული მართლმსაჯულების ღირსების სადარაჯოზე ევროპაში. როგორც 18 ივლისს, ასევე გუშინ, 9 დეკემბერს, ევროპული სასამართლოს დონეზე დამტკიცდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება არ არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და საკუთრების უფლებას“, - ამბობს თეა წულუკიანი.

ევროსასამართლოს ხუთი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებით, საქმე „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის დიდ პალატას არ გადაეცემა.

მოსარჩელეები, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრეები - ლევან ყარამანიშვილი, გიორგი ყარამანიშვილი და ტელეკომპანია „საქართველო“ მოითხოვდნენ, რომ ევროსასამართლოს მიერ 18 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება განსახილველად დიდი პალატისთვის გადაეცათ.

მოცემულ შემთხვევაში პალატამ განიხილა, საქმე წარმოშობდა თუ არა კითხვებს; იყო თუ არა ევროკონვენციის ან მისი ოქმების ინტერპრეტაციის ან განმარტების საჭიროება. ან თუ წარმოშობდა სერიოზულ საკითხებს, რომლებიც ზოგადი მნიშვნელობის არის და რაზეც დიდ პალატას საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა.

ხუთი მოსამართლისგან შემდგარი პანელის მიერ საქმის დიდი პალატისთვის გადაცემაზე უარი საბოლოო გადაწყვეტილებაა.

18 ივლისის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვიტა:

· დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, მომჩივნების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;

· ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება საქართველოს სასამართლოს არცერთ ინსტანციაში;

· 6 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლეებთან თ. ურთმელიძესა და მ. თოდუასთან დაკავშირებით;

· ერთხმად დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები;

· აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში გახდა, ხოლო 40%-ისა - შპს „პანორამა“, რომლის მესაკუთრე ასევე ხალვაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG