Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა დამახინჯდა: ადმინისტრაცია განმარტებას ავრცელებს


საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც იარაღი, რეგიონის დასაპყრობად, საქართველოს იარაღია ცოდნა, განათლება და მეცნიერება.

„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, თავისი არქეოლოგიით, თავისი რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმითი უნდა დაიწყოს, რომ ჩვენ ჩვენი თავის დავიჯეროთ, გვჯეროდეს, რომ გვაქვს მთელი ეს შესაძლებლობები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG