Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?" - სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკპოსტს ავრცელებს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის გვერდზე პოსტით ეხმაურება მისი 10 დეკემბრის განცხადებისადმი საზოგადოებაში გაჩენილ დამოკიდებულებას.

სალომე ზურაბიშვილის თანახმად, „მის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები ან თუნდაც კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა (არაფერი, რომ ვთქვათ მის ჩაცმაზე, გადაადგილებაზე, თუ “ლობიოს ჭამაზე”) ხდება საქილიკო. ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებით და ინტერპრეტაციებით“.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მის ყველა ინიციატივას აკნინებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, 10 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც იარაღი რეგიონის დასაპყრობად. საქართველოს იარაღია ცოდნა, განათლება და მეცნიერება.

„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, თავისი არქეოლოგიით, თავისი რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმითი უნდა დაიწყოს, რომ ჩვენ ჩვენი თავის დავიჯეროთ, გვჯეროდეს, რომ გვაქვს მთელი ეს შესაძლებლობები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, სალომე ზურაშვილის სიტყვა დამახინჯდა, ის არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას.

„ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის გამოსვლა გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრმა და მისი სიტყვების ახსნა სცადეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG