Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 თვეში საქართველოში 16 ქალი მოკლეს


2019 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოში 16 ქალი მოკლეს. 9 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაულის ნიშანი და 1 თვითმკვლელობამდე მიყვანა, დანარჩენი 7 კი - სხვა მოტივი, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის კვლევაში.

ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ წინა წელთან შედარებით ვითარება გაუმჯობესებულია, მისი სიტყვებით, გაუმჯობესებულია ასევე პროკურატურისა და შსს-ს საქმიანობა.

„ჩვენ 2016 წლიდან დავიწყეთ ფემიციდის მონიტორინგი ქვეყანაში. წელს შევაჯამეთ 4 წლის მდგომარეობა, ანუ მონიტორინგი განვახორციელეთ 2014-2018 წლებში ქალთა მიმართ მკვლელობების და მკვლელობების მცდელობების საქმეებზე, შევისწავლეთ სასამართლოში დასრულებული საქმეები, ასევე პროკურატურიდან გამოვითხოვეთ შეწყვეტის შესახებ დადგენილებები და შსს-დან შესაბამისი ინფორმაცია. შემიძლია გითხრათ, რომ მდგომარეობა და დინამიკა ძალიან განსხვავდება 2014-2015 წელთან შედარებით და ვფიქრობ, ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სახალხო დამცველს, რომლის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ შექმნილიყო რეაგირების მექანიზმი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, პრობლემები კვლავ რჩება სასამართლოს კუთხით.

„ჩვენ კვლავ გვაქვს პრობლემები, განსაკუთრებით, სასამართლოს ეტაპზე, სტატისტიკის წარმოება და სწორი იდენტიფიცირება ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების არის პრობლემატური და ამ მიმართულებით ჩვენი ძირითადი რეკომენდაციები მდგომარეობს იმაში, რომ ამოქმედებული და უფრო ეფექტურად გამოყენებული იყოს ის საკანონმდებლო ცვლილება, რაც შარშან შევიდა და ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა. იმედს ვიტოვებთ, ამ ცვლილებების შედეგად კიდევ უფრო უკეთესი შედეგი გვექნება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG