Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი. შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი, მაიკ პომპეო. მანამდე პომპეომ და ლავროვმა ორმხრივი მოლაპარაკება გამართეს.

ტრამპმა შეხვედრისას ლავროვი გააფრთხილა, რომ „ნუ შეეცდება მოსკოვი აშშ-ის არჩევნებში ჩარევას და რუსეთს უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარებისკენ მოუწოდა“. აშშ-ის პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა იარაღის გლობალური ეფექტიანი კონტროლის მიმართ, რაც არა მხოლოდ რუსეთს, ჩინეთსაც უნდა შეეხოს. ტრამპმა მოუწოდა მოსკოვს, მხარი დაუჭიროს ვაშინგტონის ძალისხმევას, არ დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა და, ასევე, ხელი შეუწყოს კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ განიარაღებას.

ტრამპმა ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ტვიტერით განაცხადა, რომ „სულ ახლახან გაიმართა კარგი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და რუსეთის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ბევრი, მათ შორის, ვაჭრობის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის, ბირთვული იარაღის კონტროლისა და არჩევნებში ჩარევის საკითხი. იმედი მაქვს, რომ დიალოგს მალე გავაგრძელებთ“, - წერს ტრამპი.

პრესკონფრენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ ტრამპთან შეხვედრა ურთიერთგაგების ატმოსფეროში წარიმართა იმ მხრივ, რაც მშვიდობის საქმეში ქვეყნების წვლილს ეხება.

ლავროვის ვიზიტი მოჰყვა მის სტუმრობას პარიზში, სადაც გაიმართა „ნორმანდიის ოთხეულის“ - გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის - სამიტი, რომლის მიზანია უკრაინის კონფლიქტის მოგვარება. ვაშინგტონში ყოფნისას ლავროვი შეხვდა თავის კოლეგა მაიკ პომპეოს. მათ განიხილეს საერთაშორისო და ორმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG