Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის კომიტეტებში წევრები წარადგინა


ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციებმა ბიუროს მიმართეს კომიტეტებში წევრების წარდგენის შესახებ.

ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონები“ აგრარულ საკითხთა კომიტეტში წარადგენს ლაშა დამენიას, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტში აკაკი ბობოხიძეს, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში თენგიზ გუნავას და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ზურაბ ჭიაბერაშვილს.

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში წარადგენს სერგო რატიანს, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გიგა ბოკერიას, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებში გიორგი კანდელაკს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტში ზაზა კედელაშვილს და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ელენე ხოშტარიას.

ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში წარადგენს გიორგი ტუღუშს, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში ლელა ქებურიას, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დავით ბაქრაძეს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში ირმა ნადირაშვილს, თავდცვის და უშიშროების კომიტეტში ირაკლი აბესაძეს, საგარეო ურთიერთობათა და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტებში გიორგი წერეთელს და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ხათუნა გოგორიშვილს.

„მე მგონი, უარი არ უნდა უთხრას ბიურომ ამაზე. თუ სურთ კომიტეტებში გაწევრიანება და დაბრუნება, რა თქმა უნდა, ამის საშუალება მათ აქვთ“, - განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

28 ნოემბერს, „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტის ბიუროს აცნობა, რომ მისი წევრები კომიტეტებს ტოვებენ. კერძოდ, ირაკლი აბესაძემ დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ლელა ქებურიამ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, სერგი კაპანაძემ განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები, ოთარ კახიძემ იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები და ელენე ხოშტარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი.

„თითო დეპუტატი მინიმუმ ორ კომიტეტში იყო გაწევრიანებული და ასეთმა დეპუტატებმა დატოვეს თითო კომიტეტი, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარეებმა და ვიცე-სპიკერმა დავტოვეთ ყველა კომიტეტი. ვართ საგანგებო რეჟიმში. იმ სამარცხვინო გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ივანიშვილის დავალებით, პარლამენტში ნორმალურ სამუშაო რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებთ“, - უთხრა 28 ნოემბერს ჟურნალისტებს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ.

ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც 14 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანომ ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. კანონპროექტს ხმები თავად „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან დააკლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG