Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: სასამართლომ დაუშვებლად ცნო ილია ჯიშკარიანის მხარის 22 მტკიცებულება


წინასასამართლო სხდომა გაიმართა თბილისის საკრებულოს წევრის, „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანის საქმეზე.

სასამართლომ დაცვის მხარის 22 მტკიცებულება დაუშვებლად ცნო, - უთხრა რადიო თავისუფლებას დაზარალებულის, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ყოფილი სპეციალისტის თამთა თოდაძის ადვოკატმა თამარ ლუკავამ.

მართალია, წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები შინაარსობრივად არ განიხილება, თუმცა ადვოკატი განმარტავს, რა ტიპის მტკიცებულებებს შეეხო მოსამართლის უარი.

„ძირითადად, ეს იყო მოწმეების ჩვენებები, გამოკითხვები; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დაცვის მხარეს კანონდარღვევით ჰქონდა მტკიცებულებები მოპოვებული - სასამართლოს განჩინება ჰქონდათ აღებული სატელევიზიო არხებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. ნაცვლად ინფორმაციის გამოთხოვისა, ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება ანუ დათვალიერება. ასევე ფსიქოლოგიური ექსპერტიზა იყო დანიშნული ბრალდებულ ილია ჯიშკარიანზე, სადაც ექსპერტის წინაშე დასმული შეკითხვები კანონსაწინააღმდეგო იყო. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა ჯიშკარიანის მიერ მიცემული ჩვენების და ამ პირის სანდოობას. სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს ასეთი ტიპის ექსპერტიზის ჩატარებას მოწმისთვის“, - განმარტავს თამთა თოდაძის ინტერესების დამცველი.

თამარ ლუკავა იმასაც გვეუბნება, რომ არსებითი მნიშვნელობა ნამდვილად არ ჰქონდა, ეს მტკიცებულებები დაერთვებოდა თუ არა საქმეს.

„ამით ჯიშკარიანის უდანაშაულობა თუ დამნაშავეობა არ განისაზღვრება. თავად მტკიცებულებები იყო კანონის დარღვევით მოპოვებული, ბრალდების მხარე ვალდებული იყო, დაეყენებინა შუამდგომლობა, მათი დაუშვებლად ცნობის შესახებ“, - თქვა ლუკავამ.

საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. სასამართლოს სხდომა 25 დეკემბერს არის დანიშნული.

ილია ჯიშკარიანის მიმართ ბრალდება ორი მუხლით არის წარდგენილი: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG