Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუდენკო ვაჟა გააფრინდაშვილის შესახებ: ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 50-ე რაუნდის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ილაპარაკა.

„რაც შეეხება თქვენს ექიმს, მისი საკითხი ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი იყო. მოვისმინეთ ორივე მხარის შეხედულებები, გვაქვს იმედი, რომ უახლოეს პერიოდში ბატონი გაფრინდაშვილი თავის ახლობლებს დაუბრუნდება. ჩვენი ყველას ინტერესშია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას. როგორ გათავისუფლდება, ამას მე ნუ მკითხავთ. ის, როგორც იცით, კრემლში არ იმყოფება და არის სხვაგან. ოკუპაციის თემაზე თქვენთან დისკუსიაში არ შემოვალ, რადგან აქ ჩვენი პიზიციები ძირეულად განსხვავდება. ჩვენ ვთვლით, რომ სამხრეთ ოსეთი შედგა 2008 წელს, ამიტომ ყველანაირი საუბარი ამ თემაზე ჩვენთვის დახურულია. რაც შეეხება გაფრინდაშვილის საკითხს, ეს ჰუმანიტარული თემაა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს. მე ვიცი არგუმენტაცია ორივე მხრიდან. ამიტომ არ მინდა კომენტირება ამ მოსაზრებებისა, თუ რატომ მოხვდა ის იქ. მე ვიცი სამხრეთ ოსეთის პოზიციაც იმასთან დაკავშირებით, რომ ის იქ იმყოფებოდა არა სამედიცინო მიზნებისთვის, არამედ სხვა მიზნებით. რა სხვა მიზნებით, ეს არ ვიცი. ჩვენ მხოლოდ იმით ვართ დაინტერესებულნი, რომ ადამიანი გამოუშვა და რომ ასეთი შემთხვევები აღარ იყოს“ ,- რუდენკოს განცხადებას „საქართველოს პირველი არხი“ ავრცელებს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG