Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს


საპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან

საქართველოს პარლამენტთან პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის სულ მცირე ორი მონაწილე. დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გზის გადაკეტვა სცადეს.

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, როცა აქციის მონაწილეები იდგნენ ტროტუარზე და არ ახდენდნენ სატრანსპორტო საშუალებების და პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებას, მათ შეეძლოთ გამოეხატათ პროტესტი, მაგრამ შემდეგ გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს, რომ გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები. სირაძის თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის და შესასვლელების გათავისუფლებისკენ მოუწოდა: „გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციას, რის გამოც იქნენ დაკავებულნი“. საპატრულო პოლიციის უფროსს არ უთქვამს რამდენი პირია დაკავებული.

ვაჟა სირაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ პროტესტი გააგრძელონ მშვიდ ვითარებაში და ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს: „აქ გახლავთ საპარლამენტო ორგანო, სადაც უნდა შევიდეს დეპუტატები და შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, რომ ნუ მოახდენენ შესასვლელების ბლოკირებას და მისცენ საშუალება დეპუტატებს, რომ შევიდნენ პარლამენტის შენობაში“. სირაძის თქმით, აქციის მონაწილეებს შეუძლიათ კორიდორი ტროტუარზე გააკეთონ და ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება მისცენ.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მიმავალ დეპუტატებს ხვდებიან შეძახილით: "მონა, მონა!"

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცოს სასამართლოში არსებული „კლანის“ მიერ მხარდაჭერილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG