Accessibility links

logo-print logo-print

ანრი ოხანაშვილი უარყოფს, რომ დარბაზიდან ჟურნალისტების გაყვანის დავალება გასცა


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „არანაირი დავალება არ იყო გაცემული ჟურნალისტების გაყვანასთან დაკავშირებით“.

„ჩვენ ტექნიკური შესვენება გამოვაცხადეთ იმასთან დაკავშირებით, რომ კოლეგასთან, ქალბატონ ეკა ბესელიასთან გაგვევლო საკითხი, რა ფორმით სურდა მას საკითხის წარმოდგენა. რა თქმა უნდა, არანაირი დავალება, მითითება, რომ ვინმეს ჟურნალისტი უნდა გაეყვანა, არ ყოფილა... არანაირი პირობა არ მქონდა იმისი, რომ ვინმესთვის მიმეთითებინა“, - უთხრა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის შემდეგ, რომელზეც კენჭი უყარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს.

შეკითხვებს, მანდატურების ინიციატივა იყო თუ არა დარბაზიდან მედიის გაყვანა და რატომ სცემეს ჟურნალისტს, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა: „მე მოვუწოდე ყველას, რომ თქვენ ყოფილიყავით წარმოდგენილი კომიტეტზე, გაგეშუქებინათ ყველაფერი. დანარჩენი, რაც არ დამინახავს, ვერ გეტყვით. ძალიან სამწუხაროა, თუკი შეხლა-შემოხლა მოხდა. მაგრამ, როდესაც გთხოვენ რომ გადაიწიოთ, თქვენც უნდა გქონდეთ ამისი სურვილი".

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ტექნიკური შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო, მას შემდეგ, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რეგლამენტზე დაყრდნობით, დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას არ მისცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მოსაზრების გამოთქმის უფლება და ამას დაპირისპირება მოჰყვა. ტექნიკური შესვენების შემდეგ განახლებულ სხდომაზე ეკა ბესელიას გამოსვლის უფლება მისცეს.

ბესელიას სიტყვით გამოსვლამდე პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააყენა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი: „გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ გაეცით უკანონო დავალება, რომლის შესრულებისას დაზიანდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG