Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ორი გერმანელი დიპლომატი გამოაცხადა არასასურველ პირად ბერლინის ნაბიჯის საპასუხოდ


რუსეთმა განაცხადა, რომ ორ გერმანელ დიპლომატს მოსთხოვა ქვეყნის დატოვება გასულ კვირაში გერმანიის ანალოგიური ნაბიჯის საპასუხოდ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 12 დეკემბერის განცხადებით, სამინისტროში დაიბარეს გერმანიის ელჩი რუსეთში5 გეზა ანდრეას ფონ გაირი და მას ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ორმა გერმანელმა დიპლომატმა შვიდ დღეში უნდა დატოვოს რუსეთი.

რუსეთის საგარეო უწყება იშველიებს ვენის 1961 წლის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, რომლის თანახმად, რომელიმე ქვეყნის მიერ დიპლომატების გაძევებს შემთხვევაში, საპასუხოდ ეს ქვეყანა არასასურველ პირებად აცხადებს შესაბამისი სახელმწიფოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

გერმანიამ გასულ კვირაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის ორი დიპლომატი მას მერე, რაც გენერალურმა პროკურატურამ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ „მოიპოვება საკმარისი ფაქტობრივი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის მთავრობის ორგანოებმა, ან ჩეჩნეთის რეგიონულმა ორგანოებმა შეუკვეთეს საქართველოს მოქალაქის, ეთნიკური ჩეჩნის - ქისტის, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა".

ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინში, „კლაინერ ტირგარტენში“. დაკავებულია 49 წლის პირი რუსეთის პასპორტით. ეჭვმიტანილი, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს, სავარაუდოდ, კავშირშია 2013 წელს რუსი ბიზნესმენის მკვლელობასთან.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დამატებით ზომებს მიმართავს, თუ მოსკოვი არ ითანამშრომლებს მკვლელობის გამოძიებაში. გერმანული მხარე თვლის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არ აღმოუჩინა გამოძიებას შესატყვისი დახმარება.

ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩნეთის მეორე ომში. მოგვიანებით, საქართველოში ცხოვრების პერიოდში ის დაკავშირებული იყო უშიშროების სამსახურებთან. 2015 წელს თბილისში მასზე განხორციელდა თავდასხმა. ხანგოშვილმა ამის შემდეგ საქართველო დატოვა და პოლონეთსა და უკრაინაში ყოფნის შემდეგ გერმანიაში ითხოვდა თავშესაფარს ოჯახთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG