Accessibility links

site logo site logo

უკრაინის შსს მინისტრი: დაკავებული არიან ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები


გამომძიებლები ამოწმებენ აფეთქებულ მანქანას, რომელშიც დაიღუპა პაველ შერემეტი. კიევი, 2016 წ. 20 ივლისი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაკავების შესახებ.

„ეროვნული პოლიცია გენერალურ პროკურატურასთან შეთანხმებით ბრალს უყენებს პაველ შერემეტის მკვლელობის საქმის ფიგურანტებს. ეს არის ნამდვილი სპეციალისტების ძალიან რთული და შეუპოვარი შრომის შედეგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქმის ბოლომდე გახსნის გზაზე!“, დაწერა ავაკოვმა ფეისბუკზე.

ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული არის უკრაინელი როკმუსიკოსი, სპეცოპერაციების ძალების სერჟანტი, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილე და დონბასში ომისადმი მიძღვნილი სიმღერების ავტორი, ანდრეი ანტონენკო. „მე შერემეტის მკვლელობის ბრალდებას მიყენებენ. პირდაპირ ახლა“, დაწერა ანტონენკომ ფეისბუკში.

ბელარუსიელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი პაველ შერემეტი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა რუსეთში, სიკვდილამდე ორი წლით ადრე კი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. 2016 წლის 20 ივლისს მას კიევში თავს დაესხნენ - მისი მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს. გამოძიება ჟურნალისტზე თავდასხმის მთავარ მოტივად ასახელებდა მის პროფესიულ საქმიანობას.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შერემეტის მკვლელების დასჯის პირობა დადო. საარჩევნო დებატების დროს ეს საქმე გაიხსენა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 23 ივლისს კი მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ, მისი აზრით, გამოძიება შედეგს გამოიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG