Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარები რუსეთს მოუწოდებენ, გააუქმოს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ


ევროპის პარლამენტის ლიბერალური ფრაქციის, ევროპის განახლების“ წევრები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააუქმოს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა იმ განცხადების ტექსტი, რომელსაც ხელს აწერენ ფრაქციის წევრები ლიტვის წარმომადგენლის, პიატრას აუშტრიავიჩასის ხელმძღვანელობით. მასში მხარდაჭერაა გამოთქმული რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, „რათა საკუთარი თანამოქალაქეები გაანათლონ და ინფორმაცია მიაწოდონ მათ“, მათ შორის ჟურნალისტური საქმიანობით.

განცხადების ავტორები ახსენებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახლახან ხელი მოაწერა შესწორებას კანონში „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რომლებიც პირდაპირ ეხება ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და სოცქსელების ყველა მომხმარებელს. „დასანანია, რომ რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს ადამიანის უფლებების დარღვევას როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტმა მაისში უკვე მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, მაგრამ კანონის შესწორებებზე ჯერ ოფიციალურად არ გაუკეთებია განცხადება.

ახლახან მიღებული შესწორებების მიხედვით, „უცხოეთის აგენტ“ მედიასაშუალებებად შეიძლება მიჩნეულ იქნენ ფიზიკური პირებიც, რომლებიც ავრცელებენ ადრე უცხოეთის აგენტებად აღიარებული მედიასაშუალებების ინფორმაციას და საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან.

ადამიანის უფლებების დამცველთა თქმით, კანონი ისეა ფორმულირებული, რომ ფაქტობრივად შეიძლება „აგენტად“ იყოს აღიარებული რუსეთის მილიონობით მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG