Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამართლების მცდელობაში დაადანაშაულეს


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა უარყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ მოსკოვი ბერლინისგან უშედეგოდ ცდილობდა ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადიციას.

ჰაიკო მაასმა გერმანიის საზოგადოებრივ ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მტკიცება თითქოს, ხანგოშვილის გადაცემის შესახებ არაერთი მიმართვის მიუხედავად გერმანელ კოლეგებთან ურთიერთგაგებას ვერ მიაღწიეს, უაზროდ ჟღერს და დანაშაულის გამართლების მცდელობას ჰგავს.

9 დეკემბერს, პარიზში, „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი იყო რუსეთის მიერ ძებნილი პირი, სისხლიანი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა სასტიკ ოპერაციებში რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის, მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებაში. პუტინის თქმით, მისთვის უცნობია, რა მოხდა ბერლინში, რადგან „ეს ბანდიტური სფეროა და იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი.

დეკემბრის დასაწყისში, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა, Bellingcat-მა, კვლევის საფუძველზე განაცხადა, რომ „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია, რომელიც ადრე ირიცხებოდა სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელში“ და მონაწილეობდა, სულ მცირე, ორ შეკვეთილ მკვლელობაში.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას თავდაპირველად პოლიცია იძიებდა, თუმცა, დეკემბრიდან საქმე გადაეცა გერმანიის ფედერალურ პროკურატურას, რადგან არსებობს მკვლელობასთან რუსეთის სპეცსამსახურების კავშირის ეჭვი.

ფედერალური პროკურატურა იძიებს ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზებასთან რუსეთის ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების სავარაუდო კავშირს. იმის გამო, რომ მოსკოვი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, გერმანიამ ქვეყნიდან გააძევა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი. საპასუხოდ, რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო დატოვა მასზე 2015 წელს, თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რომელიც დღემდე გამოუძიებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG