საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, კიევში, სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების სხდომის შემდეგ კომენტარები რუსულ ენაზე გაკეთდა მასპინძელი ქვეყნის, უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რადგან სუამ-ის სამუშაო ენა რუსულია.
კიევში მყოფი ირაკლი ჩიქოვანი დღეს, 13 დეკემბერს გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც საქართველოში მოჰყვა გიორგი გახარიას რუსულ ენაზე გამოსვლას: „მგონი, ზღვარი უნდა არსებობდეს ადეკვატურობის, ზოგადად, მედიისთვისაც და ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვისაც. საქმე არაფერთან არ გვაქვს გარდა იმისა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის, მასპინძელი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე“.
12 დეკემბერს, კიევში, სუამ-ის წევრი ქვეყნების - საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მთავრობათა მეთაურების პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრების ერთობლივი გამოსვლა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ოლექსი გონჩარუკმა უკრაინულ ენაზე გახსნა, თუმცა შემდეგ თქვა, რომ ორგანიზაციის სამუშაო ენაზე - რუსულზე გადავიდოდა. სხდომის შედეგებზე ოთხივე პრემიერ-მინისტრმა რუსულად ილაპარაკა.
დაწერეთ კომენტარი