Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაგრამის ბაზაზე თავდასხმის გამო ვაშინგტონი მცირე ხნით წყვეტს მოლაპარაკებებს თალიბანთან


ხალილზადის შეხვედრა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ შაჰ მეჰმუდ ყურეშისთან
ხალილზადის შეხვედრა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ შაჰ მეჰმუდ ყურეშისთან

აშშ-ის სპეციალურმა წამომადგენელმა ავღანეთის საკითხებში ზალმაი ხალილზადმა განაცხადა, რომ დროებით შეწყდა თალიბანთან მოლაპარაკება აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიციის ბაზაზე 11 დეკემბერს მომხდარი იერიშის შედეგად, რაზეც პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

ბაგრამის ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად 2 ავღანელი დაიღუპა და 70, მათ შორის, ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, დაშავდა.

აშშ-სა და თალიბანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც მიზნად ისახავს ავღანეთში მიმდინარე 18-წლიანი ომის დასრულების გზების მოძებნას, სულ რამდენიმე კვირის წინ განახლდა, 28 ნოემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ.

„მადლიერების დღეზე“ ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან ჩასულმა აშშ-ის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ „თალიბანს სურს სამშვიდობო შეთანხმება“ და განაცხადა, რომ მოლაპარაკების განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

ზალმაი ხალილზადმა აღნიშნა, რომ თალიბებთან შეხვედრაზე აღშფოთება გამოთქვა ბაგრამის ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის გამო და მოლაპარაკებებში ხანმოკლე პაუზის დადგომის შესახებ აცნობა. „თალიბებმა უნდა აჩვენონ, რომ პასუხისმგებლობით ეკიდებიან ავღანელთა სურვილს, დამყარდეს მშვიდობა“, - აღნიშნავს ზალმაი ხალილზადი.

ვაშინგტონის შუამავალმა შეხვედრები გამართა ასევე ავღანეთისა და პაკისტანის ლიდერებთან.

აშშ და თალიბანის წარმომადგენელები მთელი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს 18-წლიანი მიმდინარე ომის დასრულების მიზნით. მოლაპარაკებები ვაშინგტონმა შეწყვიტა სექტემბერში, თალიბების მიერ ორგანიზებული თავდასხმების ახალი სერიის შემდეგ, რასაც რამდენიმე უცხოელი, მათ შორის, ამერიკელი ჯარისკაციც, შეეწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG