Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში დაიწყო ვაჟა გაფრინდაშვილის "სასამართლო პროცესი"


ოკუპირებულ ცხინვალში დაიწყო ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვა. ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრება. თბილისელი ექიმის ინტერესებს ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავს.

საქმეს განიხილავს ე.წ. ლენინგორის რაიონის (ახალგორი) სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს განიხილავს მოსამართლე ფატიმა პარასტაევა, რომელმაც 2019 წლის ივლისში, ე.წ. პროკურატურის მიერ წაყენებული ყველა ბრალდება მოუხსნა ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს. მას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამებასა და დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG