Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია მდინარაძის განცხადებაზე: რა მორიგი კლოუნადის ციკლი ჩაატარეს?!


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ გიგა ბოკერიას შეფასებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ 12 ივნისს გაკეთებული განცხადება „მორიგი კლოუნადაა“. გიგა ბოკერია ამბობს, რომ ამით მმართველმა პარტიამ საზოგადოების მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება გამოამჟღავნა:

„ესე ყოვედღე ადასტურებდნენ ადამიანები ზედსართავ კლოუნებს, მე იშვიათად მინახია. რა მორიგი კლოუნადის ციკლი ჩაატარეს. რა საკონსტიტუციო ცვლილება - არანაირი საკონსტიტუციო ცვლილების ხმები არა აქვთ მაგათ და აღარასოდეს აღარ ექნებათ. უმრავლესობა აღარ ექნებათ მალე და რა უნდა ჩაატარონ, ვის ატყუებენ, საკუთარ თავს ატყუებენ. თუმცა ხო, აღსანიშნავია შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ და საზოგადოება ფეხებზე გვკიდია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მაჟორიტარ დეპუტატებთან შეთანხმდა, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით გამართვის ინიციატივასთან დაკავშირებით.

სანაცვლოდ, უმრავლესობა მათ ისეთ მექანიზმს შესთავაზებს, რომელიც მაჟორიტარების მიერ დანახულ ხიფათებს გაანეიტრალებს. მაჟორიტარებს, მათ შორის, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს, მიაჩნიათ, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე პერიოდში მუდმივად იქნება საუბარი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც არასტაბილურობის განცდას გააჩენს და „ეს პროცესი შექმნის ნიადაგს და ცდუნებას პოლიტიკური კრიზისების ხელოვნურად გამოწვევისთვის. საუბარია 2020 წლის შემდეგ პერიოდზე“.

„ჩვენ კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ, რითაც ზემოთ დასახელებულ რისკებს მოვხსნით.

შესაბამისად, ჩვენ 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. ამ შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე უარს იტყვიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG