Accessibility links

logo-print logo-print

პარლამენტთან დაკავებული 6 პირის სასამართლო გადაიდო


თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო 12 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 16-დან 6 პირის სასამართლო პროცესი.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი გიორგი ვაშაძის, ირაკლი კუპრაძის, გიორგი ბუნტურის, ზურაბ კოსტავას, ირაკლი ჯუღელისა და ნოდარ ბრეგაძის საქმეებს განიხილავდა.

პროცესის გადადების მიზეზი გახდა მოსამართლის მიერ მოთხოვნილი დრო დაცვის მხარის შუამდგომლობის განსახილველად.

დაცვის მხარემ მოითხოვა სხდომის გადადება იმ დრომდე, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ადმინისტრაციული კოდექსის სადავო 166-ე მუხლთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოიტანს. ეს არის ხულიგნობის მუხლი, რომელიც კანონში 1984 წლიდან არსებობს და რომლის კონსტიტუციურობაც სასამართლოშია გასაჩივრებული.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა შუამდგომლობის განხილვისთვის დრო 17 დეკემბრამდე მოითხოვა.

12 დეკემბერს პარლამენტთან დაკავებულებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ედავებიან წვრილმანი ხულიგნობას (166-ე მუხლი) და სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე).

პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან 14 უვადო მოსამართლედ დაამტკიცა. სწორედ ამ პროცესით იყო გამოწვეული მოქალაქეების პროტესტი, რასაც 16 პირის დაკავება მოჰყვა.

6-ის გარდა, სხვა პირთა პროცესი 24 დეკემბერსაა დანიშნული. მოსამართლემ 12 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გუშინვე გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG