Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი მოუწოდებს თვითმმართველობებს, შეწყვიტონ მოქალაქეთა იძულება აქციაზე დასასწრებად


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას რეგიონებში მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე. საქმე ეხება მოქალაქეთა იძულებას, მონაწილეობა მიიღონ დედაქალაქში 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში.

„სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს რეგიონებში გამოკითხეს მოქალაქეები, რომლებმაც კონფიდენციალობის სრული დაცვის პირობით, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაუდასტურეს გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების, საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაღების, საჯარო სკოლების, სამუსიკო სასწავლებლების) თანამშრომლების მიმართ ხორციელდება სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება 2019 წლის 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად. მოქალაქეების განცხადებით, აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებენ“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. განცხადების თანახმად, ვინაიდან მოქალაქეებმა სახალხო დამცველსა და მის რწმუნებულებს ინფორმაცია კონფიდენციალობის დაცვის პირობით მიაწოდეს, სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას, მიმართოს გენერალურ პროკურატურას კონკრეტულ პირთა მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებსა და სამსახურების ხელმძღვანელებს, შეწყვიტონ თანამშრომელთა იძულება. იგი მიმართავს ასევე საგამოძიებო ორგანოებს, განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები და გამოავლინონ შესაძლო პასუხისმგებელი პირები, რომელთა ქმედებაშიც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები.

14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ორგანიზებით თბილისში გაიმართება აქცია, რომელშიც მოქალაქეებს რეგიონებიდანაც ელიან. ოფიციალური განმარტებით, ეს იქნება საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობისადმი მიძღვნილი კვირეულის საზეიმო შემაჯამებელი ღონისძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG