Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ ორგანიზებულ შეკრებაზე სამეგრელოდან საჯარო მოხელეებიც გაემგზავრნენ


„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში დაანონსებულ ღონისძიებაზე პარტიის მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდანაც გაემგზავრნენ. მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, ააიპ-ების თანამშრომლები და ასევე პედაგოგები. ისინი გამთენიისას შეიკრიბნენ ქალაქის გასასვლელთან და ორგანიზებულად, მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით გაემგზავრნენ.

შეკრებილების თქმით, უერთდებიან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღის, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღმნიშვნელ ღონისძიებას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა წოწერიას განცხადებით, ზუგდიდიდან 200-მე სატრანსპორტო საშუალებით დღეს დილით გავიდა, დაახლოებით 6 ათასი ადამიანი. თუმცა მისი ინფორმაციით, ეს არ არის სრული შემადგენლობა, რადგან მანამდეც საკუთარი ავტომობილებითაც გაემგზავრნენ ზუგდიდელები.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების სურვილი ბევრმა გამოთქვა. ის ირწმუნება, რომ მათ შორის ყველაზე მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი საჯარო მოხელეები.

„მოგეხსენებათ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ქვეყანა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ჰქონდა ინიციატივა ჩაეტარებინა კვირეული, რომელიც დღეს გრანდიოზული შეკრებით სრულდება. ამ ღონისძიებას ზუგდიდიდან 5-6 ათასი ადამიანი უერთდება. ჩვენ მოსახლეობას მიაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბერკეტი ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის და წასვლის გადაწყვეტილება დამოკიდებული იყო მათ ნებასურვილზე”, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

წამსვლელებს შორის იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციაც. მისი თქმით, დღეს შაბათია, დასვენების დღე და საჯარო მოხელეებსა თუ პედაგოგებს, შესაძლებლობა აქვთ სურვილის მიხედვით მიიღონ მონაწილეობა. „ეს მათი არჩევანია“, - აღნიშნა თაზო ფაცაციამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG